Accessibility links

გამოძიებამ „ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის“ ბრალდება დაუმატა მიხაილ ეფრემოვს


მიხაილ ეფრემოვი

გამოძიებამ „ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა“ დაამატა გახმაურებულ საქმეს ცნობილი რუსი მსახიობის, მიხაილ ეფრემოვის წინააღმდეგ, რომელიც უკანასკნელ წლებში თავის ერთკაციან წარმოდგენებში კრემლის პოლიტიკას აკრიტიკებდა. მას 12 წლამდე პატიმრობა შეიძლება მიუსაჯონ ადამიანის სიკვდილის გამო ავტოსაგზაო შემთხვევაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის.

პოლიციის თანახმად, მიმდინარეობს გამოძიება „მძღოლის მიერ ნარკოტიკების არალეგალურად შეძენის ფაქტთან დაკავშირებით.“

10 ივნისს პოლიციამ განაცხადა, რომ ეფრემოვს სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველობის მაღალი დონე დაუდგინდა.

მედიის ცნობით, სამართალდამცავი ორგანოები ამბობენ, რომ სხვა ნივთიერებებთან ერთად მსახიობის სისხლში კოკაინი აღმოაჩინეს.

9 ივნისს მოსკოვის პოლიციამ განაცხადა, რომ ეფრემოვი მთვრალი იყო, როცა წინა ღამით დიდი სიჩქარით მართავდა თავის მანქანას, გზის გამყოფი ხაზი გადაკვეთა და საპირისპირო მხრიდან მოძრავ ავტომანქანას დაეჯახა. ავარიისას ეფრემოვი არ დაშავებულა, მაგრამ მეორე ავტომანქანაში მჯდომი 57 წლის სერგეი ზახაროვი ავტოსაგზაო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა საავადმყოფოში.

მას შემდეგ, რაც ზახაროვი გარდაცვლილად გამოცხადდა, ეფრემოვს წაუყენეს ბრალდება „სასიკვდილო ავტოსაგზაო შემთხვევის გამოწვევისთვის არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისას“. სასამართლომ მას უბრძანა, არ დატოვოს მოსკოვი.

მოსკოვის სასამართლომ იმავე დღეს დაადგინა, რომ მსახიობი 9 აგვისტომდე უნდა იმყოფებოდეს შინაპატიმრობაში.

ეფრემოვმა თავი დამნაშავედ ცნო თავდაპირველ ბრალდებაში, არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისას სიკვდილის გამომწვევი ავარიის თაობაზე, და მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ახალ ბრალდებაზე საჯაროდ არ გამოუხატავს რეაქცია.

56 წლის მსახიობის სპექტაკლებმა, რომლებშიც ის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და მის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ფართო პოპულარობა მოიპოვა უკანასკნელი წლების განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG