Accessibility links

შავკანიანთა პროტესტის პლეილისტი


სათაურში ოთხი ინგლისური სიტყვა მეტისმეტი იქნებოდა, თორემ Black Lives Matter („შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ კიდევ ქართულად მოუხეშავად ჟღერს, არადა უკეთესი თარგმანი არა გვაქვს) პლეილისტი უფროა. ყველა სიმღერა პროტესტზე არაა - ზოგი უბრალოდ შავკანიანად ცხოვრების რეალობაზეა.

ვცადე, რომ სხვადასხვა დროს დაწერილი სიმღერები მომეხვედრებინა. ყველაზე ძველი 1929 წელსაა დაწერილი - ბესი სმითის Nobody Knows You When You’re Down And Out. „ბლუზის იმპერატორის“ ცხოვრებაზე არაერთი წიგნი დაუწერიათ და ფილმი გადაუღიათ. სმითის სიკვდილითაა შთაგონებული სელინჯერის მოთხრობა „ცისფერი მელოდია“, რომელშიც აფროამერიკელი მომღერალი იმიტომ კვდება, რომ „თეთრკანიანების საავადმყოფო“ არ მიიღებს. დიდხანს მიიჩნეოდა (სელინჯერმაც ეგრე იცოდა), რომ ავარიაში მოყოლილი ბესი სმითი სწორედ ეგრე გარდაიცვალა - სეგრეგირებულმა კლინიკამ სხვაგან გაუშვა და მერე უკვე მისი შველა აღარ მოხერხდა. თანამედროვე ბიოგრაფების აზრით სინამდვილეში ასე არ მომხდარა. თუნდაც იმიტომ, რომ მომაკვდავი მომღერლის თეთრკანიანების საავადმყოფოში წაყვანა მაშინ, 1937 წელს, თავში აზრადაც არავის მოუვიდოდა.

ყველაზე ახალი კი თვის დასაწყისში გამოვიდა - Run The Jewels-ის Walking in The Snow. მასში ნახსენებია შავკანიანი, რომელსაც პოლიციელი ახრჩობს და რომლის ყვირილიც მალე ჩურჩულად გადაიქცევა - „ვერ ვსუნთქავო” ამბობს. (You watch the cops choke out a man like me, until my voice goes from a shriek to whisper „I can’t breathe“). არადა, შარშან დაწერილი სიმღერაა. ჯორჯ ფლოიდი ჯერაც ცოცხალი იყო. ქილერ მაიკი 2014 წელს ერიკ გარნერის სიკვდილზე ლაპარაკობს, რომლის ბოლო სიტყვებიც ასევე „ვერ ვსუნთქავ“ იყო.

თუმცა, ისიც ვცადე, რომ მხოლოდ სევდიანი პლეილისტი არ ყოფილიყო. ტეიანა ტეილორი და სოლანჟი ერთიანობაზე და სიყვარულზე მღერიან.

კენდრიკიც გვარწმუნებს, ბოლოს მაინც ყველანი კარგად ვიქნებითო.

დაწერეთ კომენტარი

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG