Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი მოითხოვს იცოდეს, რა "იხარშება" საქართველოს და უკრაინის ამერიკულ ლაბორატორიებში


რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ალექსანდრ ლუკაშევიჩი
რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ალექსანდრ ლუკაშევიჩი

რუსეთმა თბილისის „ლუგარის ცენტრის“ საქმიანობის საკითხი ამჯერად, ეუთოს წინაშე დააყენა.

სააგენტო „რია-ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში ალექსანდრ ლუკაშევიჩმა 11 ივნისს, ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ეუთოს სივრცეში, კერძოდ, საქართველოსა და უკრაინაში მოქმედებენ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით და დაფინანსებით შექმნილი ორმაგი დანიშნულების ბიოეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები. ლუკაშევიჩმა პირველ ყოვლისა, ახსენა თბილისის „ლუგარის ცენტრი“.

„მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციით, საქართველოს და უკრაინის ბიოლაბორატორიებში ინეფქციური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლად შენიღბული დახურული ექსპერიმენტები მიმდინარეობს განსაკუთრებით საშიში, მათ შორის შავი ჭირის და ჰემორაგიული ცხელების გამომწვევი პათოგენებით“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა. მისივე მტკიცებით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვირუსების მოდიფიცირებას და მუტანტური ფორმების კვლევას.

რუსეთის წარმომადგენლის თქმით, შემაშფოთებელია "ამერიკელი მედიკოსების მიერ ქართველებზე საეჭვო პრეპარატების გამოცდა და ადამიანის ბიომასალის შეგროვება".

ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთის საზღვრებთან უცხოელი სამხედრო ბიოლოგების მიერ ექსპერიმენტების ჩატარება მოსკოვის კანონიერ შეშფოთებას იწვევს, მათ შორის ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის დარღვევის კონტექსტში.

ეუთოში რუსეთის წარმომადგენლის თქმით, აშშ ამ პროექტებს ჰუმანიტარულს უწოდებს და მოსკოვს არწმუნებს, რომ მის სიტყვას უნდა ენდოს, თუმცა რუსეთს უფლება აქვს იცოდეს, სინამდვილეში რა „იხარშება“ ამერიკულ ბიოლაბორატორიებში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთი დაუსაბუთებელ ვერსიებს და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს „ლუგარის ცენტრის“ საქმიანობის შესახებ. აშშ-მა და საქართველომ არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსკოვი დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG