Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დეზინფორმაცია უწოდა ქართული და უკრაინული ლაბორატორიების შესახებ რუსეთის განცხადებას


აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ჯეიმს გილმორი
აშშ-ის მუდმივი წარმომადგენელი ეუთოში ჯეიმს გილმორი

აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთოში, ჯეიმს გილმორმა სამწუხარო დეზინფორმაციად შეაფასა საქართველოსა და უკრაინაში არსებული ლაბორატორიების შესახებ რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებები.

ვენაში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ამერიკელმა დიპლომატმა თქვა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან ერთად ძალისხმევა მიმართულია საშიში დაავადებების გამოვლენის და მშვიდობიანი კვლევების და ვაქცინების შემუშავების შესაძლებლობების შექმნისკენ.

ჯეიმს გილმორის თქმით, საქართველოს და უკრაინას უნდა მიულოცონ პროგრესი მეცნიერებაში და იმ მუშაობის პროცესში, რომლის მიზანია გაცილებით უსაფრთხო და უკეთესი მსოფლიო.

„ვარაუდი, რომ უკრაინაში, ან საქართველოში რაღაც საიდუმლოდ ხდება, გულწრფელად გითხრათ, უცნაურია“, - განაცხადა ჯეიმს გილმორმა.

აშშ-ის ელჩის შეფასებით, რუსეთის წარმომადგენლის განცხადების მსგავსი გზავნილები მიუღებელი უნდა იყოს რუსი ხალხისთვისაც, რომელიც დღეს, სხვების მსგავსად დაზარალებულია კორონავირუსის პანდემიით. გილმორის თქმით, ნებისმიერი წინსვლა ამ, ან მომავალში სხვა პანდემიის წინააღმდეგ, სარგებელს მოუტანს ყველას მთელ მსოფლიოში, მათ შორის რუს ხალხსაც და სწორედ ასეთი მომავლისკენ უნდა მივისწრაფოდეთ.

11 ივნისს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას რუსეთის ელჩმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით და დაფინანსებით შექმნილ თბილისის „ლუგარის ცენტრში“ და ასევე, უკრაინის ლაბორატორიებში საშიში პათოგენების გამოყენებით მიმდინარეობს საეჭვო და საიდუმლო ექსპერიმენტები და რუსეთს აქვს უფლება იცოდეს, რა „იხარშება“ ამ ლაბორატორიებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG