Accessibility links

აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობის აქცია შეწყდა


ალექსანდრე მილორავა 29 მაისიდან შიმშილობდა მაუწყებლის დირექტორის გადადგომის მოთხოვნით

აჭარის ტელევიზიასთან 15-დღიანი შიმშილობის აქცია შეწყვიტა სამოქალაქო მოძრაობის „მე მიყვარს ბათუმი“ აქტივისტმა ალექსანდრე მილორავამ, რომელიც მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის გადადგომას მოითხოვს.

მილორავა, რომელიც კოხრეიძეს ჟურნალისტების დევნასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის გამო ადანაშაულებს, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებდა დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებისკენ.

გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა საბჭოს ხუთიდან მხოლოდ ერთმა წევრმა, უმაღლესი საბჭოს მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით არჩეულმა გია ქარცივაძემ. პროცედურის დაწყებას სულ მცირე ორი მრჩევლის ხმა სჭირდებოდა, თუმცა, მოლოდინის მიუხედავად, იგივე არ გააკეთა „ევროპული საქართველოს“ წარდგენით არჩეულმა თამარ წილოსანმა. საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით არჩეული თამილა დოლიძე, გიგა ჩხარტიშვილი და სოსო სტურუა კი იმპიჩმენტს თავიდანვე არ ეთანხმებოდნენ, რადგან გასული წლის შემოდგომაზე, გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორი გახდა სწორედ მათი მხარდაჭერით. ამასთან, უნდობლობის საკითხის ოფიციალურად ინიცირების შემთხვევაში, დირექტორის გადაყენებას სულ მცირე სამი მრჩევლის თანხმობა სჭირდება.

„ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დასრულდეს ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და ვაძლევ შესაძლებლობას მრჩეველთა საბჭოს, რომ იმოქმედოს თავისუფლად. თამარ წილოსანმა, რომელიც არც კი მოსულა ჩემთან, ვერ დაასახელა ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ უშლის ჩემი პროტესტი ხელს იმას, რომ იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს“, - განაცხადა დღეს ალექსანდრე მილორავამ.

აქტივისტი აჭარის უმაღლესი საბჭოსგანაც მოითხოვდა მრჩეველთა საბჭოს დათხოვნას. მილორავამ შიმშილობის შეწყვეტის მიზეზად ისიც დაასახელა, რომ, მისი თქმით, საბჭოში ეს საკითხი დაიძრა.

ალექსანდრე მილორავამ შიმშილობა 29 მაისს გამოაცხადა. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ადმინისტრაცია საპროტესტო აქციას პოლიტიკურად მართულს უწოდებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG