Accessibility links

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პარლამენტს ძირითადი საფრთხეები დაუსახელა


საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყნის წინაშე არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია.

პარლამენტის სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღეს ურთულესი უსაფრთხოების გარემო და ყოველდღიურად უწევთ ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.

ღარიბაშვილის თქმით, რეგიონის მნიშვნელობის ფონზე საქართველოსთვის იკვეთება პირდაპირი და არაპირდაპირი საფრთხეები, რომელთა პრევენციისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქნილი და ეფექტიანი თავდაცვითი შესაძლებლობების არსებობას.

„შავი ზღვა-კავკასიის რეგიონის მილიტარიზაცია და იქ განლაგებული რუსეთის თანამედროვე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო კომპონენტებით ფორმირებული შეზღუდული წვდომის ზონები მნიშვნელოვნად ართულებს რეგიონზე დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წვდომას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა უმნიშვნელოვანეს გამოწვევად დაასახელა საქართველოს საზღვრების სიახლოვეს მაღალი სიზუსტის და დიდი სიშორის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ბაზირების სარაკეტო კომპონენტების არსებობა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული საოკუპაციო ძალების მეოთხე და მეშვიდე სამხედრო ბაზები და რეგიონის გამალებული მილიტარიზაცია არღვევს ძალთა ბალანსს და საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოების გარემოს.

ღარიბაშვილმა სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველად დაასახელა რეგიონში არსებული ე.წ. გაყინული კონფლიქტები და სიახლოვე გლობალური ტერორიზმის კერებთან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. თავდაცვის მინისტრის თქმით, შიდა საფრთხეებიდან განსაკუთრებული გამოწვევაა ჰიბრიდული მოქმედებები, რასაც მოწინააღმდეგე ყოველდღიურად ეწევა და სულ უფრო ხვეწს ჰიბრიდული ომის ელემენტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG