Accessibility links

ზალკალიანმა განმარტა უკრაინის ელჩის დაბარების მიზეზი


საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განმარტა საქართველოს მესამე პრეზიდნეტის მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვი სამინისტროში დაბარების მიზეზი.

„ჩვენ მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ მოვიწვიეთ უკრაინის ელჩი საქართველოში იმისთვის, რომ მას გაეკეთებინა ახსნა-განმარტება უკრაინის მოქალაქის მხრიდან, რომელსაც უკავია საკმაოდ მაღალი თანამდებობა, გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რაც იყო დაკავშირებული საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევასთან, კერძოდ საარჩევნო კამპანიასა და საარჩევნო პროცესში მის ჩართულობასთან. ჩვენ მოვისმინეთ ელჩის მხრიდან, რომ ის [მიხეილ სააკაშვილი] არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ის საერთოდ საჯარო მოხელეც კი არ არის, ამ დროს, თავდაპირველად, როდესაც სააკაშვილი დაინიშნა ჩვენ ეს ინფორმაცია გვქონდა და თავადაც აცხადებდა, რომ არის დანიშნული საკმაოდ მაღალ პოზიციაზე, რომ ის მანდატი, რაც არის მისთვის მინიჭებული, ითვალისწინებს სერიოზული რეფორმების პროცესში ჩართვას, მოლაპარაკებების გამართვას სავალუტო ფონდთან, ასევე, მსოფლიო ბანკთან და ა.შ. ამიტომ, ბუნებრივია, პირველი კითხვა, რაც უკრაინის ელჩთან იყო, წარმოედგინა მას დოკუმენტალურად თუ რასთან გვაქვს საქმე ანუ ეს არის უკრაინის რიგითი მოქალაქე თუ ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიცია აღმასრულებელ ხელისუფლებაში“, - თქვა ზალკალიანმა.

როგორც მინისტრი აღნიშნავს, ოფიციალური თბილისი კავშირზე იმყოფება უკრაინელ კოლეგებთან, რომ „მსგავსმა გამონათქვამებმა არ მიაყენოს ზიანი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამაზე არა მარტო საქართველომ, არამედ უკრაინულმა მხარემაც უნდა იზრუნოს, რადგან სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ უნდა არსებობდეს არანაირი პრობლემური საკითხი“.

ზალკალიანი დასძენს, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში კონსულტაციებზე იმყოფება თბილისში, რაც შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამისნიტროში გამართული შეხვედრის შემდეგ იგორ დოლგოვმა თქვა, რომ უკრაინის პოზიციაა, მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში და არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი. ელჩის თანახმად, იგი არც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ქართველია და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე 11 ივნისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გაკეთებულ განცხადებებებზე განმარტებებისთვის დაიბარეს.

აღნიშნულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG