Accessibility links

რადიომაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად კომისიის შექმნას მოითხოვენ


კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ეხმაურებიან კერძო საეთერო რადიომაუწყებლობის ლიცენზიების მოსაპოვებლად კონკურსების გამოცხადების შესახებ სტრატეგიის პროექტს, რომელსაც კომუნიკაციების ეროვნული კომისია საკონსულტაციოდ აქვეყნებს.

კოალიცია გამოთქვამს წუხილს, რომ გამოქვეყნებულ პროექტში ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა რადიოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის მომზადება. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ის ნამდვილად განსაკუთრებული სიკეთეა და წარმოადგენს რადიო სექტორში პლურალიზმის შექმნის ყველაზე ლოგიკურ და საჭირო ეტაპს.

ამავე დროს, კოალიციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პროექტში არ არის საჯარო მითითება იმის შესახებ, რომ რეგულირების თუ სამომავლო ცვლილებების დასახვის პროცესში, ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება COVID - 19-ით გამოწვეული ცვლილებების ფონზე. კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური რყევები არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა.

განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ რადიოსიხშირეების საკითხებზე მსჯელობისათვის ამოსავალი წერტილი უნდა იყოს საერთაშორისო რადიო სიხშირეების მინიჭების გეგმა - ციფრული მიწისზედა ტრანსლირების ქსელისათვის რადიო და სატელევიზიო პროგრამებისათვის – Geneva 2006 (GE06) , რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის (ITU) მიერ.

„მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოდის ინიციატივით, რომ რადიო მაუწყებლობაში მედიაპლურალიზმის უზრუნველსაყოფად დაუყოვნებლივ დაიწყოს უწყებათშორისი კომისიის შექმნაზე მუშაობა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციების მოთხოვნაა, შეიქმნას სახელმწიფო კომისია საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის, საანძო ინფრასტრუქტურის, საერთაშორისო (მათ შორის,ITU ) ექსპერტების და დარგის სხვა სპეციალისტების ჩართულობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG