Accessibility links

განახლდა აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები


აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს, - ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სამსახურის ცნობით, ტყეში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მთელი ღამის განმავლობაში კერების მონიტორინგი თერმული დრონით მიმდინარეობდა.

„ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თერმულმა დრონებმა გააგრძელეს ტერიტორიის მონიტორინგი, ცოცხალი ძალა კი 25 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით უშუალოდ ტყის მასივში მუშაობდა. გათენებისთანავე განახლდა ცეცხლის ქრობის აქტიური სამუშაოები”, - აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

სამაშველო სამსახურში აბასთუმნის ტყეში გაჩენილ დაკვამლიანებასთან დაკავშირებით 13 ივნისს შეტყობინება 14 საათისთვის შევიდა.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ხანძარს ადგილობრივი მოსახლეობა აქრობდა. მოგვიანებით ცოცხალ ძალას 2 ვერტმფრენი შეუერთდა, რომლებიც სოფელ უდის საგუბრიდან ავსებდნენ წყალს. ვერტმფრენებმა სულ 13 გაფრენა განახორციელეს და ხანძრის კერებს 26 ტონა წყალი დაასხეს.

თავდაპირველი ვერსიით, ცეცხლი ტყეში 12 ივნისს ხეზე მეხის დაცემამ განაპირობა, თუმცა მეხის ჩამოვარდნით ხანძრის გაჩენის ვერსია მალევე უარყო სამცხე-ჯავახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა. გიორგი აბრამაშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი ხელოვნურად იყო გაჩენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG