Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ომბუდსმენი: არასაკმარისია კოვიდ-19-ის კრიზისისას შშმ პირთა ინტერესების დასაცავი ზომები


საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული შეზღუდვების ფონზე, შშმ პირებს დამატებითი პრობლემები შეექმნათ ქვეყანაში ფიზიკური გარემოს, სერვისებისა და ინფორმაციის მისაწვდომობის კუთხით, ამას გარდა შეჩერდა მიზნობრივი სარეაბილიტაციო პროგრამები. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არასაკმარისია სახელმწიფოს მიერ კრიზისის დროს შშმ პირთა ინტერესების გათვალისწინებით მიღებული ზომები.

განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენმა შშმ პირთა დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა, აღნიშნულია, რომ შშმ პირები სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმის დახმარების მიღმა დარჩნენ, პრობლემურია ასევე ადგილობრივ მუნიციპალურ დონეზე მათთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხიც.

სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ასევე ინკლუზიურ საგანმანათლებლო პროცესში შშმ და სსსმ მოსწავლეების ჯეროვანი ჩართვის პრობლემაზე. მისი შეფასებით, პრობლემები განათლების მისაწვდომობის კუთხით განსაკუთრებით მწვავედ დგას ქცევის სირთულისა და სენსორული შეზღუდვის მქონე ბავშვების შემთხვევაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს პანდემიის პირობებში შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით შემდეგი ღონისძიებები გაატაროს:

  • შშმ პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობით შემუშავდეს პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში შშმ პირთა საჭიროებების დაკმაყოფილების კომპლექსური ხედვა და სტრატეგიული დოკუმენტი
  • მუდმივ რეჟიმში გაგრძელდეს შშმ პირების ინფორმირება მათთვის მისაწვდომი ფორმით
  • მუნიციპალურ დონეზე არსებულ პროგრამებში და აქტივობებში მოხდეს შშმ პირთა მიზნობრივ ჯგუფად გათვალისწინება
  • უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა მიზნობრივი რეაბილიტაციის სერვისების იმგვარი ადაპტირება, რაც უზრუნველყოფს როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის უწყვეტობას ბენეფიციარისთვის მისაღები და აუცილებელი ფორმით (დისტანციურად ან პირისპირ), ისე ვირუსის ეფექტურ პრევენციას
  • უზრუნველყოფილ იქნას შშმ პირთა 24 საათიანი ზრუნვის დაწესებულებებში დაცული პრევენციული ღონისძიებების მუდმივი და ეფექტური კონტროლი
  • ეფექტური ზედამხედველობა გაეწიოს კოვიდ 19-ის პირობებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მკურნალობის პროტოკოლების შესრულების პროცესს როგორც სტაციონარულ, ისე სტაციონარს გარე მომსახურებებში
  • მიიღოს აუცილებელი ზომები შშმ და სსსმ მოსწავლეთა დისტანციურ საგანმანათლებლო პროცესში სრულყოფილი ჩართვის მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზებისა და ტელესკოლის გაკვეთილების იმ ყრუ და სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც არ იციან ჟესტური ენა.

14 ივნისს საქართველოში შშმ პირთა დაცვის დღე აღინიშნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG