Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპატიმრებულია კოლუმბიელი ბიზნესმენი, რომელსაც აშშ ნიკოლას მადუროს რეჟიმთან კავშირების გამო ეძებდა


ნიკოლას მადურო
ნიკოლას მადურო

12 ივნისს დასავლეთ აფრიკის სახელმწიფო კაბო-ვერდეში დააპატიმრეს ალექს სააბი, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული კოლუმბიელი ბიზნესმენი, რომელსაც აშშ ფულის გათეთრებასა და კორუფციაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ 13 ივნისს განაცხადა აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა ნიკოლ ნავას ოქსმანმა, რომლის ცნობით, ალექს სააბი დააპატიმრეს იმ დროს, როდესაც კაბო-ვერდეს გავლით კარაკასიდან ირანში ჩასვლას გეგმავდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ 2019 წლის ივლისში სააბსა და კიდევ ერთ ბიზნესმენს ბრალი წაუყენა ვენესუელის ხელისუფლების მოსყიდვასა და დაახლოებით 350 მილიონი დოლარის უცხოეთის საბანკო ანგარიშებზე გადატანაში.

ხოლო აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქცია დაადო სააბს, რომელიც სასურსათო დახმარების პროგრამას კორუფციული სქემით მადუროს რეჟიმის გასამდიდრებლად იყენებდა.

ამ კორუფციულ სქემაში, აშშ-ის ცნობით, ჩართული იყო ნიკოლას მადუროს სიძეც.

აშშ-ის მთავრობა კოლუმბიელ ბიზნესმენს დამნაშავედ მიიჩნევს, როგორც ვენესუელის ხელისუფლების სახელით მოქმედ ფართო კორუფციული კავშირების მქონე შუამავალს, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, თურქეთში, ჰონგ-კონგში, პანამაში, მექსიკასა და კოლუმბიაში არსებული ფიქტიური კომპანიებით აწარმოებდა ფულის გათეთრებას.

ალექს სააბის დაპატიმრება დაადასტურა მისმა ადვოკატმა მარიამ დომინგუეზმა.

მაგრამ ვინაიდან აშშ-ს და კაბო-ვერდეს არ აქვთ გაფორმებული შესაბამისი შეთანხმება, უცნობია, მოხდება თუ არა ალექს სააბის ექსტრადიცია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG