Accessibility links

რუსეთმა და თურქეთმა გადადეს 14 ივნისს დანიშნული მაღალი დონის მოლაპარაკებები


თურქეთმა და რუსეთმა გადადეს მაღალი დონის მოლაპარაკებები, რომელიც 14 ივნისს უნდა გამართულიყო თურქეთში, სადაც რუსეთის საგარეო და თავდაცვის მინისტრების, სერგეი ლავროვისა და სერგეი შოიგუს ჩასვლა იგეგმებოდა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა გადაწყვიტეს შეხვედრის მოგვიანებით გამართვა. „მანამდე ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები გააგრძელებენ კონტაქტებს და მოლაპარაკებებს“, - ნათქვამია თურქეთის ოფიციალურ ინფორმაციაში.

ადრე გავრცელებული ცნობით, რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების ერთ-ერთი ცენტრალური თემა უნდა ყოფილიყო ლიბიაში მიმდინარე სამოქალაქო შეიარაღებული კონფლიქტი, რომელშიც რუსეთი და თურქეთი სხვადასხვა მხარეს არიან.

ლიბიაში დაპირისპირებული მხარეები არიან გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან მართავს ქვეყნის ნაწილს, და ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. გენერალ ჰაფტარს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო, ხოლო სარაჯის მთავრობას - თურქეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG