Accessibility links

დავით ქაცარავა: მცხეთა-მთიანეთში რუსებმა 42 ჰექტარი მიწა მიიტაცეს, ხელისუფლება დუმს


ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ მცხეთა-მთიანეთში, ერთ-ერთი მონასტრის მიმდებარედ რუსებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს და მიიტაცეს დაახლოებით 42 ჰექტარის მოცულობის ტერიტორია. როგორც დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას განუმარტა, ეს ახალი ფაქტი არ არის, თუმცა ანტისაოკუპაციო მოძრაობისთვის ახლა გახდა ცნობილი. მისი ინფორმაციით, საზღვრის გადმოწევა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ მოხდა, თუმცა ხელისუფლებას მასზე ხმა არ ამოუღია.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის თქმით, მონასტრის წინამძღვარმა მას დაუდასტურა, რომ საოკუპაციო ხაზმა თითქმის მონასტრის კედლებამდე ამოიწია, თუმცა დაჟინებით სთხოვა, რუსების გაღიზიანების თავიდან აცილების მიზნით, ტერიტორიის ადგილმდებარეობა არ გაასაჯაროოს.

როგორც დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, თხოვნას ითვალისწინებს და მონასტერს საჯაროდ არ ასახელებს, თუმცა გეგმავს მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენოს დიპლომატიური კორპუსი:

"შევატყობინებთ იმიტომ, რომ ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ვიცით, რომ დიპლომატიური კორპუსი, სამწუხაროდ, ინფორმაციულ ვაკუუმშია მეტწილად და ბორდერიზაციასთან დაკავშირებით მწირი ინფორმაცია აქვთ. მით უმეტეს, ამ კონკრეტულ ადგილზე, ვინაიდან ეს არ არის გუშინ წართმეული ტერიტორია“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიო თავისუფლებას აღნიშნული ფაქტი დაუდასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ შემთხვევა ძველია. სამსახურში აღნიშნეს, რომ საუბარია არა მონასტრის ტერიტორიაზე, არამედ მისი მიმდებარე ტერიტორიის ნაწილზე:

„ჩართულია სადამკვირვებლო მისია და წლებია მიმდინარეობს საკმაოდ პროდუქტიული მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბერებს ხელი არ შეეშალოთ“, - განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG