Accessibility links

ატლანტაში სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციელი, რომლის ტყვიითაც დაიღუპა შავკანიანი რეიშარდ ბრუკსი


14 ივნისს სამსახურიდან დაითხოვეს ატლანტის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი, რომელმაც 12 ივნისს ჩატარებული რეიდის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 27 წლის აფრიკელი ამერიკელი რეიშარდ ბრუკსი.

ამ ინციდენტის შემდეგ შაბათ-კვირის ღამით ატლანტაში იფეთქა მასობრივმა პროტესტმა. აქციის მონაწილეებმა ცეცხლს მისცეს რესტორანი Wendyʼs-ი, რომლის მახლობლადაც პოლიციელმა სასიკვდილოდ დაჭრა ბრუქსი. მოხდა შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რომლის დროსაც დააკავეს რამდენიმე ათეული კაცი.

დაძაბული ვითარების გამო თანამდებობიდან გადადგა ქალაქ ატლანტის პოლიციის უფროსი ერიკა შილდსი.

ატლანტის მერმა კეიშია ლენს ბოტომსმა მხარი დაუჭრა ამგვარ გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება გამართლებული არ იყო.

აფრიკელი ამერიკელი რეიშარდ ბრუკსის წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ბრუკსმა წინააღმდეგობა გაუწია მის დასაკავებლად გამოძახებულ პოლიციის რაზმის წევრებს. პოლიციაში შესული შეტყობინებით, ბრუკსს აკრძალულ ადგილზე ეყენა მანქანა და აფერხებდა Wendyʼs რესტორანთან სხვების მიახლოებას. იუწყებიან, რომ ბრუკსმა ხელიდან გამოსტაცა ე.წ. ელექტროშოკერი ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც მის დაკავებას და მანქანაში ჩასმას ცდილობდა.

მიღებული ჭრილობების შედეგად რეიშარდ ბრუკსი საავადმყოფოში გარდაიცვალა. საქმეზე კი დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად, თუ რამდენად კანონიერად მოხდა პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენება.

ატლანტაში პოლიციელის მიერ იარაღის გამოყენებით აფრიკელი ამერიკელის დაღუპვის ფონია რასიზმისა და პოლიციელთა ძალადობის საწინააღმდეგოდ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაწყებული საპროტესტო გამოსვლები, რომელმაც იფეთქა მას შემდეგ, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციელების მიერ დაკავების შედეგად გარდაიცვალა აფრიკელი ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG