Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დააკავეს ოპოზიციონერ გაგიკ ცარუკიანის ასამდე მომხრე


სომხეთის პოლიციამ 14 ივნისს დააკავა სომხეთის საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ (BHK) ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის ასამდე მომხრე, რომლებიც დღეს დილიდან აპროტესტებდნენ მათი ლიდერის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეებზე დაწყებულ საგამოძიებო მოქმედებებს.

როგორც სომხეთის პოლიციის წარმომადგენელმა, აშოტ აჰარონიანმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ცარუკიანის მომხრეები დააკავეს ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურის ცენტრალური ოფისის წინ, პოლიციისადმი გაწეული დაუმორჩილებლობის გამო.

ერევანში, სადაც კორონავირუსის გამო, საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს, აკრძალულია ხუთზე მეტი ადამიანის შეკრება.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მომხრეებმა ეროვნული უშიშროების სამსახურის შენობასთან აქცია მას შემდეგ მოაწყვეს, რაც უწყების წარმომადგენლებმა ჩხრეკა ჩაატარეს გაგიკ ცარუკიანის საცხოვრებელ სახლში, ხოლო თავად დეპუტატი დაკითხვაზე დაიბარეს.

დღესვე სომხეთის უშიშროებამ გაავრცელა ორი განცხადება. პირველში ნათქვამია, რომ ცარუკიანის კომპანიების უკანონო საქმიანობის გამო ქვეყნის ბიუჯეტმა დაკარგა დაახლოებით 29 მილიარდი დრამი (60 მილიონი დოლარი), მეორე განცხადებაში კი საუბარია ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ მიერ ამომრჩეველთა მასობრივ მოსყიდვის ფაქტებზე.

დღესვე დეპუტატმა გაგიკ ცარუკიანმა, თავის მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს, „შეთითხნილი“ უწოდა ყველა ბრალდებას. მისი თანამებრძოლები კი აპირებენ, პარლამენტის სესიაზე დააყენონ დეპუტატის ხელშეუხებლობის საკითხი.

სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გაგიკ ცარუკიანი მწვავედ აკრიტიკებს სომხეთის მთავრობას, რომელიც, მისი თქმით, კორონავირუსის კრიზისის ფონზე თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, გაგიკ ცარუკიანმა პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთის მთავრობა სრული შემადგენლობით უნდა გადადგეს.

სომხეთის მმართველ პარტიაში გაგიკ ცარუკიანი „ფარისევლობაში“ დაადანაშაულეს და მიანიშნეს მის კავშირებზე კორუფციულ საქმეებთან, რომელსაც პროკურატურა იძიებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ოპონენტები „ძირგამომთხრელ საქმიანობაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სომხეთმა კორონავირუსთან ბრძოლაში „მარცხი განიცადა ზუსტად ისე, როგორც მთელმა მსოფლიომ“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG