Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში დააკავეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის 250 მხარდამჭერი


გაგიკ ცარუკიანი
გაგიკ ცარუკიანი

სომხეთის პოლიციამ ერევანში, საპროტესტო აქციის დროს დააკავა პარლამენტის წევრის, პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერის, გაგიკ ცარუკიანის 250 მხარდამჭერი.

პოლიციის ინფორმაციით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები არ ემორჩილებოდნენ სოციალური დისტანციის დაცვის და აქციის შეწყვეტის მოთხოვნას.

დაკავებულები სამართალდარღვევის ოქმების შედგენის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა, რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის ორგანიზების და ძალადობის მუხლებით.

სომხეთის პოლიციაში განმარტავენ, რომ კორონავირუსის გამო 16 მარტიდან მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს მასობრივი შეკრებები აკრძალულია.

გაგიკ ცარუკიანის მხარდამჭერებმა აქცია 14 ივნისს გამართეს. ისინი აპროტესტებდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას. საქმე ეხება ცარუკიანის მფლობელობაში არსებული კომპანიების უკანონო სამეწარმეო საქმიანობას და ამომრჩეველთა მოსყიდვას.

გვიან ღამით, სომხეთის უშიშროების სამსახურში დაკითხვის შემდეგ, ცარუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და უკავშირდება მის მოწოდებებს, მთავრობის გადადგომის შესახებ. ცარუკიანის მტკიცებით, კომპანიების მართვის პროცესში ჩართული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG