Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან 2-ის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება


საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 15 ახალი პაციენტიდან 2 სამედიცინო პერსონალია - ამის შესახებ მედიას აცნობა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, 10 საკარანტინო სივრციდანაა, მათ შორის ხუთი იმპორტირებული შემთხვევაა, კიდევ ხუთს კი, კონტაქტი ჰქონდა საქართველოში ინფიცირებულებთან. ერთი საბურთალოს წყაროსთან დადასტურებული კონტაქტია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება.

„საერთოდ, წყაროს გარეშე პაციენტების მოძიების შედეგად რაღაც იკვეთება, რომ ალბათ, გამოვლინდება კონტაქტები. უბრალოდ, კიდევ სჭირდება ამას დაზუსტება. ამიტომ, გარკვეულწილად უცნობი წყაროს რაოდენობა ალბათ, შემცირდება და პირველწყარო კონტაქტების ითქმება. ალბათ, რამოდენიმე დღე კიდევ დაგვჭირდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია, სულ რამდენი პაციენტის ინფიცირების წყაროა დაუდგენელი: „ცნობილი წყარო, უცნობი წყარო არანაირ განსხვავებულ ტაქტიკას არ მოითხოვს ქვეყნისგან და თითოეული მოქალაქისგან. წყარო დადგენილი იქნება და იმასთან კონტაქტი იქნება, თუ დაუდგენელი წყაროდან ინფიცირებული იქნება ადამიანი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რაღაცნაირად არ ვიქცევით სწორად. ანუ არ ვაკეთებთ სოციალურ დისტანცირებას და არ ვხმარობთ პირადი დაცვის საშუალებებს“.

მარინა ეზუგბაიას თქმით, მოქალაქეებისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, წყარო ცნობილია, თუ უცნობი, რადგან მათთვის ყველა შემთხვევა უნდა განიხილებოდეს როგორც უცნობი წყარო და ეს განაპირობებდეს შესაბამის ქცევას.

მარინა ეზუგბაიას შეფასებით, ბოლო ხანს ახალი შემთხვევების შედარებით გაზრდის მიუხედავად, საქართველოში ზომიერი კონტროლირებადი მატებაა.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა.

2 ივნისიდან 12 ივნისამდე, საქართველოში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი 9-ს არ აჭარბებდა. 12 ივნისს 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ში 8 და 14 ივნისს - 13.

15 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 879 შემთხვევაა. მათგან 704 უკვე გამოჯანმრთელებულია. 14 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG