Accessibility links

გერმანია ევროპის "ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში" ჩარევას უწოდებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ მიმართულ ახალ სანქციებს


გერმანიის ხელისუფლება სამწუხაროს უწოდებს აშშ-ის განზრახვას გააფართოვოს სანქციები რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ.

„ახალი სანქციები წარმოადგენს სერიოზულ ჩარევას ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და ევროკავშირის სუვერენიტეტში“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს 14 ივნისის განცხადებაში.

ივნისის დასაწყისში აშშ-ში სენატში მომზადდა ორპარტიული კანონპროექტი რუსეთის გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების მიმართ ახალი სანქციების შესახებ. დოკუმენტის ავტორები არიან რესპუბლიკელი სენატორი ტედ კრუზი და დემოკრატი ჯინ შაჰინი.

„არსებობს ორპარტიული და ორპალატიანი კონსენსუსი, რომ რუსეთის გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კრიტიკულ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს და მისი მშენებლობა არ უნდა დასრულდეს. მაგრამ პუტინი ცდილობს, რომ გვერდი აუაროს სანქციებს“, - ნათქვამია კრუზის განცხადებაში.

გასული წლის დეკემბერში ტედ კრუზისა და ჯინ შაჰინის თანაავტორობით შემუშავდა ცვლილებები აშშ-ის სამხედრო ხარჯების შესახებ კანონისა, რომლის თანახმად სანქციების ქვეშ უნდა აღმოჩნდნენ ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიები.

სანქციების თავის არიდების მიზნით გაზსადენის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა საკუთარ თავზე აიღო რუსეთმა, რომელიც აშშ-ს ადანაშაულებს იმაში, რომ სანქციებით სურს უფრო ფართოდ გაუხსნას გზა თხევად ამერიკულ გაზს ევროპაში.

ბალტიის ზღვით რუსეთ-გერმანიის დამაკავშირებელი მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, ორი პარალელური, 1230 კილომეტრის სიგრძის, ხაზისგან შედგება. მწყობრში ჩადგომის შემდეგ, იგი გააორმაგებს რუსული გაზის მიწოდებას გერმანიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG