Accessibility links

16 რესტორანი დააჯარიმეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ზომების დარღვევისთვის


საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა გასული კვირის ბოლოს შეამოწმა კვების 26 ობიექტი და 16 მათგანი 10 000-10 000 ლარით დააჯარიმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი ნორმების დარღვევისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის გახსნისთვის მზადების ეტაზე 11 400 კომპანიას მიეცა შესაბამისი მითითებები და სექტორების მიხედვით გაიცა პრევენციისთვის საჭირო დეტალური რეკომენდაციები ფუნდამენტური მოთხოვნების შესახებ.

ფერაძის თქმით, ამ პროცესში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჩართულნი იყვნენ დარგობრივი ასოციაციები, მათ შორის რესტორნების ბიზნესიდან, თუმცა, მიუხედავად ამისა, ბოლო დღეებში სოციალური ქსელებითაც ბევრმა ნახა სტანდარტების დარღვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები.

ბექა ფერაძე ამბობს, რომ სანქცია არ არის სახელმწიფოს თვითმიზანი. მან დაჯარიმებას უწოდა პრევენციისთვის საჭირო უკიდურესი აუცილებლობა: „აზრს კარგავს ყველანაირი რეგულაცია და ძალისხმევა, თუ თითოეული ადამიანის ჯანმრთელბას და სიცოცხლეს შეექმნება საფრთხე“.

ფერაძის თქმით, მნიშვნელოვანია ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებაც და სანქციებს მიმართეს იმიტომაც, რომ კეთილსინდისიერი მეწარმე, რომელიც სტანდარტებს იცავს, არაკონკურენტულ გარემოში იყო.

საქართველოში 1 ივნისიდან ამუშავდა ღია სივრცის მქონე რესტორნები და კაფეები. 8 ივნისიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც. მათ კონკრეტული წესების დაცვა ევალებათ.

რაც შეეხება სასტუმროებს, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის ბაზაში დარეგისტრირებულია 939 სასტუმრო. მათგან 150-მა უკვე მიიღო მუშაობის განახლების ნებართვა. 175-მა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. დანარჩენებმა ინსპექტირებამდე კიდევ რამდენიმე დღე ითხოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG