Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

PCR ტესტირების არეალი გაფართოვდება


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი პროტოკოლით, რომელიც დღეს ან ხვალ გამოქვეყნდება, დაგეგმილია ტესტირების როგორც რაოდენობის, ასევე არეალის გაფართოება.

„საშუალო მაჩვენებელი ტესტირებისა, თებერვალში როდესაც ვიწყებდით, დღიური გვქონდა 27, მარტში გვქონდა 73, აპრილში უკვე ავედით 473-მდე და მაისში და ივნისში საშუალოდ დღიურად ვართ 1480-ის ანუ 1500-ის ფარგლებში, რაც სერიოზული გაფართოებაა, დაახლოებით ოთხჯერადი აპრილთან მიმართებაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, აქამდე სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ექვემდებარებოდა, ახლა მათ კვირაში ერთხელ აუღებენ ტესტს.

„ესენი იყვნენ კოვიდის და ცხელების ცენტრების სამედიცინო პერსონალი და სასწრაფოს ექიმები. აქ ჩვენ, თანდათანობით, გადავდივართ 1-კვირიან ტესტირებაზე. ვინაიდან ეს არის ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი და ასევე 2 კვირაში ერთხელ სხვადასხვა კლინიკების რეანიმაციების და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები ჩაიტარებენ ტესტირებას“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით, ტესტირებას ექვემდებარებოდნენ: მოხუცთა თავშესაფრების მომსახურე პერსონალი და ბენეფიციარები, შშმ პირთა ცენტრების პერსონალი და ბენეფიციარები და საქართველოში შემოსული ტრაილერის მძღოლები.

„ასევე, ვინაიდან საქალაქო ტრანსპორტი ამუშავდა, ემატება საქალაქო ტრანსპორტში მომუშავე მძღოლები, კონდუქტორები და იქ მომსახურე პერსონალი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი სიტყვებით, 1 ივლისიდან იქნება ტესტირების გაფართოების მეორე ეტაპი. 15 ივლისიდან კი - მესამე ეტაპი. მათი მიზანია ივლისის ბოლოს 3500 ტესტის აღება დღეში, ხოლო შემდგომ - დღეში 4500 ტესტის აღება რისკჯგუფების სრულად მოსაცავად.

„მესამე ეტაპზე იქნებიან სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ბანკების ფრონტ ოფისებში მომუშავე სპეციალისტები, ასევე იუსტიციის სახლებში მომუშავე პირები, ანუ სადაც მოსახლეობას და ადამიანებს მეტი შეხება აქვთ, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის გავრცელების ხიფათი“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ყველაზე მაღალ რისკად კვლავ რჩებიან კარანტინში მყოფი ადამიანები, რომელთაც ტესტირება უტარდებათ კარანტინის დატოვების წინ მე-13 და მე 14 დღეს. ამირან გამყრელიძის სიტყვებით, „კარანტინის ინსტიტუტმა იმუშავა ძალიან კარგად“.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა.

15 ახალი პაციენტიდან 2 სამედიცინო პერსონალია. 10 საკარანტინო სივრციდანაა, მათ შორის ხუთი იმპორტირებული შემთხვევაა, კიდევ ხუთს კი, კონტაქტი ჰქონდა საქართველოში ინფიცირებულებთან. ერთი საბურთალოს წყაროსთან დადასტურებული კონტაქტია, ხოლო ორის წყაროს მოძიება გრძელდება.

2 ივნისიდან 12 ივნისამდე, საქართველოში 24 საათში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი 9-ს არ აჭარბებდა. 12 ივნისს 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 13-ში 8 და 14 ივნისს - 13.

15 ივნისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 879 შემთხვევაა. მათგან 704 უკვე გამოჯანმრთელებულია. 14 გარდაიცვალა.

ტესტირების ახალი პროტოკოლი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG