Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო აცხადებს, რომ შეისწავლის აშშ-ში "რასიზმს, საპოლიციო სისასტიკეს"


გაეროს ადამიანის უფლებების წამყვანი უწყება აცხადებს, რომ სასწრაფო დისკუსიას გამართავს აშშ-ში "სისტემური რასიზმის, საპოლიციო სისასტიკის და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის" შესახებ ინფორმაციის გარშემო, იმ ფონზე, როცა მსოფლიო ანტირასისტულმა დემონსტრაციებმა მოიცვა.

დემონსტრაციებს ბიძგი მისცა 25 მაისს, მინეაპოლისში, შეუიარაღებელი აფრიკელი-ამერიკელი კაცის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა პოლიციელთა ხელში, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პოლიციელი მას თითქმის ცხრა წუთის განმავლობაში მუხლს აჭერდა კისერზე. გასულ შაბათ-კვირას დემონსტრაციები გადაიზარდა ძალადობრივ არეულობაში, მას შემდეგ, რაც 12 ივნისს პოლიციელებმა ატლანტაში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს კიდევ ერთი შავკანიანი ამერიკელი, რეიშარდ ბრუკსი.

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს (UNHRC) გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბურკინა ფასოს მიერ გასულ კვირაში აფრიკის ქვეყნების სახელით შეტანილი თხოვნა - აცხადებს საბჭო 15 ივნისს. აშშ არ არის ამ, ჟენევაში განთავებული, 47-წევრიანი ფორუმის წევრი. თავად UNHRC, რომელიც უფლებამოსილია გაამგზავროს ფაქტების დამდგენი მისიები და შეადგინოს კონკრეტული საკითხების საგამოძიებო კომისიები, კრიტიკის საგანი გამხდარა აქტივისტების მხრიდან იმის გამო, რომ კანდიდატები ხდებიან ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებების მხრივ სიტუაცია მძიმეა. აშშ საბჭოდან 2018 წლის ივნისში გავიდა და განაცხადა, რომ ეს უწყება ადამიანის უფლებების დაცინვას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG