Accessibility links

გაეროს ატომური უწყება ირანისგან კვლავ მოითხოვს ობიექტებზე ინსპექტორების დაშვებას


მარიანო გროსი

გაეროს ატომური უწყება, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ირანისგან კვლავ მოითხოვს დაუშვას ინსპექტორები ობიექტებზე, სადაც, გავრცელებული ვარაუდით, ქვეყანა ინახავს ან იყენებს ბირთვულ მასალებს, რომლებიც დეკლარირებული არ აქვს.

IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, მარიანო გროსიმ 15 ივნისს ჟურნალსიტებს ვენაში უთხრა, რომ ირანი უკვე ოთხ თვეზე მეტია სააგენტოს წვდომას უზღუდავს ორ ადგილზე, და თითქმის წელიწადია "არ მიუღია მონაწილეობა სიღრმისეულ დისკუსიებში, რათა გარკვეულიყო ჩვენი კითხვები დეკლარაციის მიღმა არსებულ, შესაძლო ბირთვულ მასალებზე და ბირთვულ სფეროსთან დაკავშირებულ მოქმედებებზე". მან ირანს მოუწოდა სრულად ითანამშრომლოს და თქვა, რომ ეს საკითხი ირანის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთანაც წამოჭრა. "ჩვენ გვჭირდება ეს თანამშრომლობა" - თქვა დროსიმ და დასძინა: "დასანანია, რომ ამ მომენტში ეს უთანხმოება შეგვექმნა".

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ობიექტი არ ითვლება განმსაზღვრელად ირანის ამჟამინდელ მოქმედებებში, სააგენტო აცხადებს, რომ მან უნდა იცოდეს, იყო თუ არა ჯეროვნად დეკლარირებული ორი ათეული წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებები და მასალები.

ირანი აცხადებს, რომ IAEA-ს არ აქვს მისი ობიექტების შემოწმების იურიდიული საფუძველი. ამ ორ, და კიდევ მესამე ობიექტზე მიმდინარე მოქმედებები, გავრცელებული ვარაუდით, ადრეულ 2000-იან წლებში დაიწყო - სანამ ირანი 2015 წელს ხელს მოაწერდა ბირთვულ ხელშეკრულებას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG