Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარკეთილში დამწვარი ბაზრობის ზარალს ითვლიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ივნისს


Georgia -- Market in Varketili burns down
Georgia -- Market in Varketili burns down

ვარკეთილში შერეული ბაზრობის ნაწილი დაიწვა

წუხელ, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა ვარკეთილში მდებარე შერეულ ბაზრობას. ადგილზე მობილიზებული იყო 25 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ცეცლის ლოკალიზება ღამის 00:30 წუთზე მოხერხდა.

შედეგად არ არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა დამწვარია სავაჭრო ობიექტები, დაახლოებით 1000 კვ მეტრ ფართობზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღეს გახდება ცნობილი თუ რა ზარალი მიადგა ბაზრობას ხანძრის შედეგად. ახალ ამბებს ამ თემაზე თვალი ადევნე აქ.

თუ არ "ავიშვით", არჩევნები არ გადაიდება?

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უკვე კონკრეტული თვეები - დეკემბერი და იანვარი დაასახელეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გადადების მოლოდინი ბევრად უფრო რეალისტური გახდა. ხელისუფლება ამ სათადარიგო გეგმას მხოლოდ პანდემიის მეორე ტალღის ალბათობით ხსნის, თუმცა ამ საკითხზე დისკუსიას პოლიტიკური შემადგენელიც აქვს.

თუკი შემოდგომაზე COVID19-ის პანდემიის მეორე ტალღა გავრცელდება, ეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას გააჩენს; საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი - არჩევნები ოქტომბერში ვერ ჩატარდება და კონსტიტუციის შესაბამისად, დეკემბერში ან იანვარში გაიმართება - ასეთია „ქართული ოცნების“ სათადარიგო გეგმა.

ჯერ ეს ყველაფერი „იმედის“ ეთერში ბევრისთვის მოულოდნელად და ძალიან ვრცლად განმარტა უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ - შეიძლება იყოს ვითარება, როდესაც მაგალითად - საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარებამ და ანტისეპტიკების გამოყენებამ არ მოგვცეს არჩევნების ჩატარების საშუალება. მისი ვერსია უფრო დეკემბერს უკავშირდება. კობახიძის თქმით, პანდემიის მეორე ტალღის შემთხვევაში, არჩევნების პირველი ტური თუ არა, მეორე ტურები მაინც გადავადდება.

რა ვითარებაში შეიძლება გადაიდოს არჩევნები და რამდენად გათვლადია ასეთი გადაწყვეტილების მართებულობა? არის ეს თადარიგი უსაფრთხოებისთვის თუ პოლიტიკური ინტერესებისთვის? ვის აწყობს და არ აწყობს არჩევნების გადადება - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

„მთავარი არხის" ინფორმაციით, იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია

გუშინ „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე. როგორც გვარამია ამბობს, საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი.

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა). უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სუს-ის განცხადებით, ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

განცხადების თანახმად, გამოძიების მიერ მოპოვებული, უტყუარი და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების საფუძველზე, საგამოძიებო ორგანომ მიიღო ვ. ბ.-ს დაკავების გადაწყვეტილება, რის შედეგადაც, ერთის მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა დანაშაულში მხილებული პირი და იმავდროულად, თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.

წაიკითხე მეტი.

დღეიდან კორონავირუსზე PCR ტესტის გაკეთება 25 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი

დადასტურებული შემთხვევა - 879

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 704

კარანტინში - 2710

სტაციონარში - 267

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რისკჯგუფების ჩამონათვალი ფართოვდება და უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდება PCR ტესტი. გარდა ამისა, მან ბრიფინგზე აღნიშნა, რომ კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება უფრო მეტ ადგილზე იქნება შესაძლებელი.

"დღეს ნებისმიერი ტემპერატურით ადამიანმა აუცილებელია მიმართოს ცხელების ცენტს. ხვალ-ზეგიდან შესაძლებელია იქნება მათ მიმართონ 25 პოლიკლინიკას, სადაც ამბულატორიულ პირობებში ჩაუტარდებათ მათ კვლევა", - თქვა მან გუშინ, 15 ივნისს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი ლაბორატორიულად 879 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 704 განიკურნა, 14 კი გარდაიცვალა.

წაიკითხე მეტი.

საქართველოში პრობლემად რჩება ვიდეოთვალთვალის და პერსონალურ მონაცემთა შენახვის წესების დარღვევა

ვიდეო-აუდიო მეთვალყურეობის და პერსონალური მონაცემების შენახვის წესების დარღვევაა დასახელებული პრობლემებს შორის სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დღეს წარუდგინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.

თოლორაიას ინფორმაციით, 2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა 422-მა მოქალაქემ. მათი 81% მიუთითებდა კერძო დაწესებულებაში პერსონალური მონაცემების არაკანონიერ დამუშავებაზე და დანარჩენი - საჯარო სექტორში.

სახელმწიფო ინსპექტორის მონაცემებით, დადასტურდა 135 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. 96 შემთხვევაში პასუხისმგებლობა დაეკისრათ კერძო ორგანიზაციებს და 39 შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებებს.

ლონდა თოლორაიას თქმით, ვიდეოთვალთვალი განსაკუთრებით აქტუალურია კერძო ორგანიზაციებში და არის შემთხვევები, როცა პარალელურად ხორციელდება დასაქმებულთა აუდიოთვალთვალი და გარე პერიმეტრზე განთავსებული ვიდეოკამერები გამოსახულების გარდა აუდიოჩაწერასაც ახორციელებენ.

წაიკითხე მეტი.

მეთოთხმეტე პაციენტის სიკვდილი - კითხვები, პასუხები და უპასუხო კითხვები

65 წლის კაცი, მეთოთხმეტე პაციენტი, რომელიც საქართველოში COVID19-ით გარდაიცვალა, 71 დღე იწვა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. საუნივერსიტეტო კლინიკამდე ოთხი დღე ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გაატარა. მანამდე, თითქმის ერთი კვირა - ე.წ.თვითიზოლაციაში. ის ერთ-ერთ ცნობილ კლასტერს, ე.წ. ეროვნული ბანკის კლასტერს წარმოადგენდა და მარტის მიწურულს, რამდენიმე დღის განმავლობაში, თანამშრომლებთან ერთად „კოლექტიურ თვითიზოლაციაში“ ბანკის მიერ ნაქირავებ სახლში, დიღომში ცხოვრობდა. ვირუსის ნიშნები სწორედ თვითიზოლაციაში ყოფნისას გამოუვლინდა. ისევე, როგორც მასთან ერთად მცხოვრებ კიდევ ექვს თანამშრომელს.

65 წლის კაცი 13 ივნისს გარდაიცვალა. ის 14 ივნისს, კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის პროტოკოლის მიხედვით დაასაფლავეს. ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი სასაფლაოზე პირდაპირ საავადმყოფოდან წაასვენეს.

ლევან რატიანი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, რადიო თავისუფლებას უსახელებს ვირუსით გამოწვეულ იმ გართულებებს, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია: ჰემოდიმანიკის დარღვევა, ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, ვეგეტაცია, სეპტიური ენდოკარდიტი, პნევმოფიბროზი, პნევმოთორაქსი.

ჰქონდა თუ არა 65 წლის პაციენტს თანმდევი დაავადებები, რამაც კიდევ უფრო გაართულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ კითხვაზე ლევან რატიანი გვპასუხობს.

ანამნეზში ჯანმრთელი იყო თუ არა, ვერ გეტყვით. მე ყოველთვის ვლაპარაკობ იმას, რაც ჩემს თვალწინ ხდება და რისი დადასტურებაც შემიძლია. ჩვენთან შემოსვლისთანავე ტომოგრაფიამ აჩვენა ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრომი, მას ჰქონდა მაქსიმალური, 24 ბალიანი დაზიანება. მე ამ ბატონს, სამწუხაროდ, წინა ცხოვრებაში არ ვიცნობდი და არ ვიცი, როგორი იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მანამდე“.

გამოიწვია თუ არა მისი მდგომარეობის გართულება დაგვიანებულმა ჰოსპიტალიზაციამ? რადიო თავისუფლების ამ კითხვას კი ლევან რატიანი პასუხობს: ვერ გეტყვით, გამოიწვია თუ არა ასეთი დამძიმება გვიანმა რეაგირებამ“.

14 ივნისს, გარდაცვლილი კაცის ოჯახის წევრმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერს:

ძალიან ბევრ არასასიამოვნო და გულის ამრევ კომენტარს ვაწყდები, რომ თითქოს უამრავი თანხმლები დაავადება ჰქონდა და საერთოდაც კორონა არ არსებობს... ძალიან ცდებით და უტიფრები ხართ!! ეს ადამიანი 65 წლის ასაკშიც კი ისეთი ჯანმრთელი და ახალგაზრდა იყო, ბევრ ჩემ თანატოლს ჯობნიდა!!! უპასუხისმგებლო ხელმძღვანელობის გამო, სიცხიანი მთელი კვირა სამსახურში დადიოდა, როდესაც სეფსისის ცენტრში დააწვინეს უკვე მძიმე იყო, მათაც უფრო დაუმძიმდათ, რადგან თურმე რეანიმაცია არ ქონდათ და თადარიგი ვერ დაიჭირეს, რის გამოც მოხდა ფილტვის უმძიმესი დაზიანება და მთელმა ორგანიზმმა მიიღო უჟანგბადობის შოკი! რატიანი რასაც ამბობს ეს გართულებები ამის ნიადაგზე განუვითარდა და არა მანამდე!“

14 ივნისსვე მან რამდენიმე მედიასაშუალებას კომენტარი მისცა, სადაც არ გამორიცხავს, რომ გარდაცვალების ფაქტს სამართლებრივი მსვლელობა მიეცეს, თუმცა, სხვა, დამატებით დეტალებზე გარდაცვლილის ოჯახის წევრი დღეს აღარ ლაპარაკობს და ამ ეტაპზე, კომენტარისგან თავს იკავებს.

წაიკითხე მეტი.

  • რომეო და მისი მეგობარი დიანა გალიდან დევნილები არიან. ახლა ზუგდიდში ცხოვრობენ და ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან.
  • დიანა და რომეო რადიო თავისუფლება უყვებიან როგორ შეცვალა პანდემიამ მათი ცხოვრება.
  • აფხაზეთიდან ეროვნულ გამოცდებზე წელს სულ165 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG