Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ადასტურებს, რომ აშშ შეამცირებს გერმანიაში სამხედროების რაოდენობას


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ 25,000-მდე შეამცირებს გერმანიაში განთავსებული სამხედროების რაოდენობას. ამ გადაწყვეტილებას შეშფოთებით შეხვდნენ ნატოელი მოკავშირეები და აშშ-ის კანონმდებელთა ნაწილი.

15 ივნისს, თეთრ სახლში გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ გერმანია არ ასრულებს ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას თავდაცვის ხარჯების თაობაზე და განაცხადა, რომ გერმანიაში აშშ-ის სამხედროების ყოფნა ძალიან ძვირი ჯდება. მისი ეს განცხადებები პირველი ოფიციალური დადასტურებაა გერმანიაში აშშ-ის სამხედროთა რიცხვის შემცირების გეგმისა, რომლის თაობაზეც გასულ კვირაში იუწყებოდა მედია აშშ-სა და გერმანიაში.

ევროპის ქვეყნებს შორის გერმანიაში აშშ-ის ყველაზე მეტი სამხედროა განთავსებული და დაგეგმილი შემცირება მათ რიცხვს 9,500-მდე ჯარისკაცით შეამცირებს. არსებული მოლოდინით, გერმანიიდან გაყვანილი აშშ-ის სამხედროების ნაწილი პოლონეთსა და სხვა მოკავშირე ქვეყნებში განთავსდება, ნაწილი კი შინ, აშშ-ის ბაზებზე დაბრუნდება.

გერმანიაში მოქმედ აშშ-ის სამხედრო ბაზებს წვლილი შეაქვს ევროპის უსაფრთხოებაში და მათ აშშ-ის არმია იყენებს ოპერაციებში ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში.

ტრანსატლანტიკური კავშირები დაიძაბა ტრამპის პირობებში, რომელიც გერმანიას და ევროპის სხვა ქვეყნებს მუდმივად აკრიტიკებს იმის გამო, რომ ისინი არ ასრულებენ ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებას და თავდაცვის სფეროს არ ახარჯავენ მშპ-ის 2 პროცენტს.

აშშ-ის კანონმდებელთა ნაწილი, მათ შორის რესპუბლიკელები, გამოდის გაფრთხილებით, რომ აშშ-ის სამხედროთა რაოდენობის შემცირება ზიანს მიაყენებს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას და ევროპაში რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG