Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტყიბულელი მეშახტეები აქციას მართავენ


ტყიბულელი მეშახტეების აქცია (საარქივო ფოტო)
ტყიბულელი მეშახტეების აქცია (საარქივო ფოტო)

ტყიბულის მერიასთან მეშახტეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მოითხოვენ მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში უსაფრთხოების ნორმების დაცვას და ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადის - თანხის 20%-ის უკან დაბრუნებას.

ამ მოთხოვნებით, მეშახტეებმა მუშაობა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეაჩერეს. 10 ივნისს, პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მინდელის შახტის ამწე მექანიზმის გაუმართაობის გამო, ინციდენტი მოხდა და საფრთხე შეუქმნა 22 მეშახტის სიცოცხლეს. ისაკაძის განცხადებითვე, მეშახტეებს ხელფასიდან დაექვითათ საშემოსავლო გადასახადი, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სახელმწიფომ კომპანია ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

10 ივნისს მინდელის სახელობის შახტის მექანიზმის მდგომარეობის შესასწავლად ტყიბულში ჩავიდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალური კომისია.

შახტების მმართველი კომპანია „საქნახშირის“ მიერ 15 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, კომისიამ შეადგინა ოქმი, რომლის მიხედვითაც, მინდელის სახელობის შახტის ამწე დანადგარის გამოყენება არ იკრძალება, არსებული ხარვეზები კი გამოსწორებული უნდა იყოს სამუშაოს რეჟიმის პარალელურად, კომისიის მიერ დადგენილ ვადებში.

„საქნახშირის“ განცხადებით, ამწე დანადგარის ექსპლუატაცია შეზღუდული არ არის, თუმცა შახტის თანამშრომლები მაინც უარს ამბობენ მუშაობაზე მიუხედავად შახტის განვითარების გეგმის არსებობისა, რომელიც გულისხმობს ინფრასტრუქტურის შეცვლას, მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას და ანაზღაურების ახალი სისტემით, გაცილებით მეტი თანხის გამომუშავებას.

კომპანიის ცნობითვე, პროფკავშირების გაერთიანების დახმარებით მეშახტეებმა ოფიციალურად მიმართეს დამსაქმებლისთვის დაწესებული 20%-იანი შეღავათის თანამშრომელთა ხელფასებზე გადანაწილებისა და ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემურად არ სრულდება საწარმოო გეგმური მოპოვება, ხელფასების ნამატის გაკეთება შეუძლებელია და კომპანიას ამისთვის არანაირი ფინანსური საფუძველი არ გააჩნია.

„საქნახშირში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მოპოვება თითქმის 12 ათასი ტონითაა შემცირებული.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნესჯგუფს.

ტყიბულის შახტები 2018 წლის ივლისში დაიხურა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რასაც წინ უძღოდა 4 მაღაროელის დაღუპვა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG