Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამთა მიქელაძე სუს-ში დაიბარეს  რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიების ფარგლებში 


Georgia Tamta Mikeladze
Georgia Tamta Mikeladze

დღეს 15 საათზე რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სუს-ში გამოიკითხება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე. გამოსაკითხი პირის სტატუსით თამთა მიქელაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას პრობლემურად მიიჩნევენ EMC-ში. კერძოდ, ორგანიზაციაში გამოთქვამენ ეჭვს, რომ გამოკითხვამ შესაძლოა შეიძინოს ორგანიზაციის მუშაობის შემოწმების შინაარსი. EMC-ში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიებას ზოგადად შესაძლოა სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და აქტივისტური საქმიანობის შემოწმებისა და კონტროლის მიზანი ჰქონდეს:

„მიუხედავად იმისა, რომ, ჩვენი აზრით, სუს-ის მიერ დაწყებული გამოძიება არსებითად უნდა მიემართებოდეს ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ, უწყების ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ეჭვი, რომ ის არაპირდაპირ იმ სამოქალაქო აქტივისტებსაც შეიძლება მიემართებოდეს, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონში და არა მხოლოდ, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებზე და წუხილებზე საუბრობენ. ეს ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა იმ ფაქტმა, რომ გამოძიების დაწყებიდან მოკლე პერიოდში საგამოძიებო ორგანომ აქტიურად დაიწყო საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების გამოკითხვა“, - აღნიშნულია "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების თანახმად, EMC დაესწრო რამდენიმე ამგვარი აქტივისტის გამოკითხვას. გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობის ვალდებულების გამო, გამოკითხვის დროს დასმულ შეკითხვებზე EMC დეტალურად ვერ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმული კითხვების შინაარსი, ასევე ფორმულირება საკმაოდ პრობლემური იყო და აჩენდა აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემოწმებისა და კონტროლის განცდას.

„რიგ შემთხვევაში, როდესაც აქტივისტების მიერ ადგილი ჰქონდა რეგიონში არსებულ პრობლემებზე საკუთარი აზრის გამოხატვას, საგამოძიებო ორგანო დასმული კითხვებით თითქოს ადანაშაულებს ეთნიკურ ჯგუფებს შორის დაძაბულობის შექმნაში. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან არ დასმულა არცერთი შეკითხვა, რომელიც აჩვენებდა, რომ ამ პროცესში სუს-ი დაინტერესებული იყო იმ ზიანითა და სტრესით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტებმა შოვინისტური და მტრული ენისა და რიტორიკის გამო მიიღეს. ამ პირობებში გაჩნდა განცდა, რომ გამოძიება ერთგვაროვან მიდგომებს იყენებს სამოქალაქო აქტივისტებისა და შოვინისტურ, რასისტულ კამპანიაში ჩართული ადამიანების მიმართ, რაც უსამართლო და პრობლემურია. ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო პრობლემურია იმ ფონზე, როცა ჩვენ ვხედავთ ხელისუფლების აშკარა სამართლებრივ ლოიალობას ულტრაკონსერვატიული ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ინციდენტების მიმართ“, - აღნიშნავს EMC თავისი წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარების ფაქტთან დაკავშირებით.

EMC სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს, დააზუსტოს, რა არის მიმდინარე გამოძიების მიზანი, კონკრეტულად რომელ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს და არ დაუშვას გამოძიების პროცესში სამოქალაქო აქტივისტების გამოხატვის თავისუფლებისა და საქმიანობის თვითნებური შემოწმებისა და დაბარების პრაქტიკა.

სუს-მა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება 30 მაისს დაიწყო. გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის განცხადება, რომელშიც მან უკმაყოფილება გამოხატა მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის გამო და ქალაქის მერს ძეგლის აღებაზე ულტიმატუმი წაუყენა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG