Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოკითხულთა უმრავლესობა ისევ ფიქრობს, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცმა უნდა თქვას


„საბოლოო სიტყვა ოჯახში კაცს უნდა ეკუთვნოდეს“, - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებული 2019 წლის საზოგადოებრივი კვლევის თანახმად, ამ აზრს ეთანხმება კაცების 68% და ქალების 34%.

თუმცა, თითქმის ყველა რესპონდენტი თანხმდება, რომ ქალს საკუთარი ფულის ნებართვის გარეშე განკარგვა უნდა შეეძლოს. 2013 წელს ამ ფორმულირებას ეთანხმებოდა კაცების 88% და ქალების 71%.

საოჯახო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად არის სეგრეგირებული, რაც გულისხმობს, რომ, მაგალითად, დალაგება და საჭმლის მომზადება, თითქმის მთლიანად ქალის მოვალეობაა.

ქალების, დაახლოებით, 94 პროცენტი ამბობს, რომ, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს კაცების 89 პროცენტი, ანუ ამბობს, რომ ამ საქმეს, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მისი პარტნიორი აკეთებს. საპირისპიროდ, კაცების, დაახლოებით, 85 პროცენტი ამბობს, რომ, ყოველთვის ან ჩვეულებრივ, ოჯახში ტრადიციულ მამაკაცურ მოვალეობებს ასრულებს, რაც, მაგალითად, სახლში რაღაცების შეკეთებას გულისხმობს.

საჭმლის მომზადებასა და სახლის დალაგებასთან დაკავშირებულ საქმეს, ძირითადად, ქალები აკეთებენ. როგორც ქალებისა და კაცების თითქმის ნახევარი ამბობს, თანაბრად განაწილებული მხოლოდ საკვები პროდუქტის შეძენაა. თუმცა აქაც, კაცებზე ხუთჯერ მეტი ქალი ამბობს, რომ ამას ყოველთვის თავად აკეთებს, ანუ ამ აზრს ეთანხმება ქალების 31 და კაცების 7 პროცენტი. ყოველი მესამე ქალისა და კაცის თქმით, გადასახადებსაც თანაბრად იხდიან. კაცების, დაახლოებით, ნახევარი ამბობს, რომ, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, თავად იხდის გადასახადებს, რასაც ქალების 28 პროცენტი ადასტურებს.

ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, ძირითადად, ქალს ეკისრება. სამიდან ორი ქალი ამბობს, რომ ჩვეულებრივ ან ყოველთვის, თავად ზრუნავს ბავშვზე. ქალი რესპონდენტების, დაახლოებით, ნახევარი ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ყოველთვის მას ეკისრება. იმ ქალი რესპონდენტების გათვალისწინებით, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვზე „ჩვეულებრივ“ ზრუნავენ, ეს რაოდენობა 70 პროცენტამდე იზრდება. კაცების, დაახლოებით, 49 პროცენტი ამბობს, რომ ყოველთვის ან ჩვეულებრივ, ბავშვზე მისი პარტნიორი ზრუნავს. ქალებზე მეტი კაცი ამბობს, რომ ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება, მაგრამ ეს რაოდენობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ქალების 28 და კაცების 43 პროცენტს შეადგენს.

„საინტერესოა, დავაკვირდეთ ოჯახში ქალის როლის აღქმასთან დაკავშირებით მომხდარ მნიშვნელოვან ტრანსფორმაციებს, რომელიც კვლევამ გამოავლინა. ამჟამად რესპონდენტების მნიშვნელოვანი რაოდენობა (50.4%) არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, ეს მაჩვენებელი, 2013 წლის მონაცემების მიხედვით, 11%-ს შეადგენდა. აგრეთვე, პროცენტული მაჩვენებელი ადამიანებისა, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ოჯახში საბოლოო სიტყვა კაცს ეკუთვნის, 28%-ით შემცირდა. ზემოხსენებული მონაცემები მნიშვნელოვან პროგრესზე მეტყველებს და ცხადია, რომ ეს გაუმჯობესება ახალი თაობის წარმომადგენლებში მომხდარმა დამოკიდებულების ცვლილებამ განაპირობა“, - აღნიშნა UNFPA-ის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუს ჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG