Accessibility links

საზოგადოებრივი კვლევის შედეგები: ქალი ლიდერები ქვეყანას მეტ სიკეთეს მოუტანენ


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ მომზადებული გამოკვლევა ამბობს, რომ გამოკითხულთა 60%-ის აზრით, მეტი ქალის ჩართულობა პოლიტიკაში ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. მათ შორის, ასე ფიქრობს ქალების 72%.

თუმცა, რესპონდენტების ნახევარს მაინც სჯერა, რომ კაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები ხდებიან.

2013 წელს, რესპონდენტების 50 პროცენტი (ქალების 56 და კაცების 43 პროცენტი) დაეთანხმა აზრს, რომ ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა ქვეყანას სარგებელს მოუტანდა.

2019 წელს, ეს წილი რესპონდენტების 60 პროცენტამდე გაიზარდა (ქალების 72 და კაცების 45 პროცენტი).

ამ თვალსაზრისით, შეხედულებები გენდერული ნიშნით იყოფა, თუმცა აზრი, რომ კაცები ლიდერობისთვის უფრო შესაფერისი არიან, კვლავაც პრევალენტური რჩება, რადგან, დაახლოებით, ყოველი მეორე რესპონდენტი ეთანხმება ან სრულიად ეთანხმება აზრს, რომ კაცები უკეთეს ლიდერებად ყალიბდებიან.

დაახლოებით, იგივე რაოდენობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკა უფრო კაცის საქმეა, ვიდრე ქალის. როდესაც ჰკითხეს, ვის უფრო წარმოიდგენდნენ პრეზიდენტად, რესპონდენტების 56 პროცენტმა უპასუხა, რომ მათთვის კანდიდატის სქესს მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა, რესპონდენტების 39 პროცენტის აზრით, კაცი უკეთესი კანდიდატი იქნებოდა.

ასეთი აზრი მეტწილად კაცებმა გამოთქვეს, ანუ ყოველმა მეორე კაცმა და ყოველმა მესამე ქალმა უპირატესობა კაც კანდიდატს მიანიჭა.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუსჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG