Accessibility links

ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც - რა აჩვენა საზოგადოებრივი აზრის კვლევამ?


Georgia -- Domestic Violance

პარტნიორის მხრიდან ეკონომიკური ძალადობის შესახებ კითხვაზე პასუხად, ქალების 18 პროცენტმა განაცხადა, რომ განუცდიათ ეკონომიკური ძალადობის ერთი ან მეტი ფორმა. მათ შორის, პარტნიორს წაურთმევია საკუთარი შემოსავალი, აუკრძალავს მუშაობა ან გაუგდია სახლიდან.

კაცი რესპონდენტების 27 პროცენტზე მეტმა განაცხადა, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუმართავთ ძალადობის ერთი ან რამდენიმე ფორმისთვის.

ინტიმური პარტნიორის მხრიდან ემოციური ძალადობა ყოველ მეხუთე ქალს განუცდია.

როდესაც კაცებს ჰკითხეს, მიუმართავთ თუ არა ემოციური ძალადობის სხვადასხვა ფორმისთვის, მაგალითად, პარტნიორი სხვების თანდასწრებით დაუმცირებიათ, დამუქრებიან მისი ახლობლისთვის ზიანის მიყენებით, უარი უთქვამთ ერთ ოთახში დაძინებაზე, კაცების 24 პროცენტმა უპასუხა, რომ ამგვარი ქმედება ცხოვრებაში, სულ მცირე, ერთხელ მაინც ჩაუდენია. ეს დაადასტურა ქალების მიერ გაცემულმა პასუხებმაც - მათი 21 პროცენტის თქმით, ამგვარი ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ ან მეტჯერ განუცდია.

რესპონდენტების 96 პროცენტის თქმით, პარტნიორისგან არასოდეს განუცდიათ ან ჩაუდენიათ ფიზიკური ძალადობის რაიმე ფორმა.

კითხვაზე, ჩაუდენიათ თუ არა ინტიმური პარტნიორის მიმართ რაიმე ფორმით ძალადობა, მაგალითად, სილის გაწვნა, მუშტის დარტყმა, მოხრჩობა ან დამწვრობის მიყენება, პასუხად კაცების 4 პროცენტმა განაცხადა, რომ ეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაუკეთებია. ქალების, დაახლოებით, იგივე თანაფარდობა ადასტურებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია ფიზიკური ძალადობის რაიმე ფორმა ინტიმური პარტნიორის მხრიდან.

ქალების 5 პროცენტს ცხოვრებაში ერთხელ მაინც განუცდია სექსუალური ძალადობა ინტიმური პარტნიორის მხრიდან.

ინტიმური პარტნიორის მიმართ ძალადობა კაცებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქალებისთვის.

შემთხვევების 5 პროცენტის შემთხვევაში, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის ინციდენტს ბავშვიც შესწრებია.

2013 წლის კვლევის მონაცემებით, რესპონდენტების 80 პროცენტმა გამორიცხა ისეთი ვითარების არსებობა, როდესაც ქალი ცემას შეიძლება იმსახურებდეს. მას შემდეგ, თანაფარდობა, დაახლოებით, იგივე დარჩა, ისევე, როგორც წილი იმ რესპონდენტებისა, რომლებიც ამბობენ, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად ქალმა ძალადობა უნდა აიტანოს (კაცების 14 და ქალების 10 პროცენტი).

იმავე კვლევის მონაცემებით, კაცი რესპონდენტების 14 პროცენტი და ქალების 10 პროცენტი თანხმდება, რომ ქალმა ოჯახის შენარჩუნების მიზნით, ძალადობა უნდა აიტანოს.

დაახლოებით, სამიდან ორი ქალი, ქალების მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს. ამას ეთანხმება ყოველი მეორე კაცი. ქალთა მიმართ ძალადობას ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამს ქალი რესპონდენტების 65 პროცენტი, მაგრამ ამ აზრზე კაცი რესპონდენტების 47 პროცენტია. საპირისპიროდ, კაცების, დაახლოებით, 43 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქალების მიმართ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა არ არის. ამ აზრს ქალების მხოლოდ 25 პროცენტი იზიარებს.

გენდერული წარმოდგენებისა და დამოკიდებულებების კვლევა 2019 წელს გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით განხორციელდა. კვლევა ჩაატარა მოწინავე საერთაშორისო ორგანიზაციამ Promundo - რომელიც კაცებისა და ბიჭების ჩართულობით ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ძალადობის პრევენციას და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, კაცებისა და გენდერული თანასწორობის საერთაშორისო კვლევის, IMAGES, მოდელზე დაყრდნობით, რომელიც წარმოადგენს ყოვლისმომცველ შინამეურნეობის კვლევას კაცებისა და ქალების დამოკიდებულებებისა და ქცევის შესახებ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის ირგვლივ. კვლევის მსვლელობისას გამოიკითხა 2,500 რესპონდენტი და ჩატარდა ფოკუსჯგუფები საქართველოს ხუთ რეგიონში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG