Accessibility links

დაღესტნის საზღვარზე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი


პოლიციის მიერ დაკავებული აზერბაიჯანელები

აზერბაიჯანისა და დაღესტნის საზღვარზე მდებარე დროებით თავშესაფარში, სადაც კორონავირუსის კარანტინის გამო საზღვარზე გაჩერებული რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი იმყოფება, მოხდა დაპირისპირება პოლიციელებსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის.

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ჩხუბის შედეგად დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს დაახლოებით 90 აზერბაიჯანელი. დაღესტნის დერბენდის რაიონის ხელმძღვანელობის ცნობით, აზერბაიჯანელი მოქალაქეების უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საზღვარზე გადასვლისა და სამშობლოში დაბრუნების უფლება მისცა მხოლოდ 120 კაცს, მაშინ როცა აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარზე გაჩხერილია 600 აზერბაიჯანელი.

გავრცელებული ცნობით, უკმაყოფილო აზერბაიჯანელები პროტესტის გამოხატვის შემდეგ ფეხით გაეშურნენ საზღვრისკენ, მაგრამ რუსეთის გვარდიის თანამშრომლებმა და პოლიციელებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ამას მოჰყვა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაც არეულობაში გადაიზარდა.

დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა შეტაკებაც, რომლის დროსაც პოლიციამ გამოიყენა ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი. შეტაკების დროს დააკავეს რამდენიმე ათეული აზერბაიჯანელი.

იუწყებიან, რომ არიან დაშავებულები ორივე მხრიდან. დაზიანდა პოლიციის ხუთი მანქანა.

დაღესტნის ხელისუფლების წარმომადგენლობა აცხადებს, რომ კონფლიქტი უკვე განიმუხტა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკმაყოფილო აზერბაიჯანის მოქალაქეებთან, რომლებიც სპეციალურ კარვებში ცხოვრობენ.

საზღვარზე ელოდებიან აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG