Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრამერი: ოპოზიციამ და "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების შესრულება ბოლომდე უნდა უზრუნველყონ


ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი აქვეყნებს დევიდ კრამერის პუბლიკაციას „პანდემია, დემოკრატია და შეერთებული შტატები: გავლენა შავი ზღვის რეგიონზე“.

ქვეთავში, რომელშიც ლაპარაკია საქართველოს შესახებ, კრამერი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპასუხო ზომების თვალსაზრისით საქართველოს სამაგალითო ქვეყნად მიიჩნევს. „1000-ზე ნაკლები შემთხვევითა და 13 გარდაცვლილით, საქართველოს მთავრობა და მოქალაქეები პანდემიასთან გამკლავების მისაბაძ მაგალითებად იქცნენ. როგორც მეზობელი ქვეყნების დინამიკა ცხადყოფს, ინსტიტუტებისა და საზოგადოების პანდემიის ადრეულ ეტაპზევე დარაზმვამ საქართველოს უმძიმესი შედეგები ააცილა თავიდან. რუსეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები ნახევარ მილიონს აღწევს, მეზობელ სომხეთში, რომლის მოსახლეობა საქართველოზე ნაკლებია, 14000 შემთხვევა და 217 გარდაცვლილია (9 ივნისის მონაცემებით)“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მიიჩნევს, რომ საქართველოს შემთხვევაში უმთავრესი საკითხი პანდემიის შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესზე გავლენაა. როგორც ის აღნიშნავს, ხელისუფლებამ ყველა პროცედურა ამომრჩევლებისთვის უსაფრთხოდ უნდა ჩაატაროს. კრამერის აზრით, ამომრჩევლებს არ უნდა მოუწიოთ საარჩევნო უფლებით სარგებლობასა და არჩევნებში მონაწილეობით საკუთარი თავის საფრთხეში ჩაგდებას შორის მძიმე არჩევანის გაკეთება. ეს საკითხი ახლა არჩევნების მოლოდინში მყოფ ყველა ქვეყანას, მათ შორის, შეერთებულ შტატებსაც ეხება.

დევიდ კრამერი შეეხო გიორგი რურუას პატიმრობას, ასევე, 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული შეთანხმების საკითხს. „საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების დაპირებაც - ორი მათგანი, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი უკვე თავისუფალია, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია. ახალი პარლამენტის ახალი წესით არჩევისთვის ოპოზიციამ და „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმების შესრულება ბოლომდე უნდა უზრუნველყონ. სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებს საშუალებას აძლევს, ევროპელ მოკავშირეებს შეუერთდეს და მათთან ერთად გააგრძელოს საქართველოს დემოკრატიული განვითარების უწყვეტობაზე ზრუნვა“, - მიიჩნევს კრამერი.

პუბლიკაციის ავტორის აზრით, „2020 წლის პირველ ნახევარში მომხდარმა დრამატულმა მოვლენებმა გულგრილი და უვნებელი არავინ დატოვა. წლის მეორე ნახევარი არანაკლებ დატვირთული ჩანს. პანდემიის შესაძლო მეორე ტალღის გარდა, საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვანი არჩევნებია დაგეგმილი. დემოკრატია ავტორიტარიზმის მძიმე გამოწვევის წინაშეა. წლის პირველი ნახევარი მტკივნეული პერიოდი აღმოჩნდა. იმედია, მეორე ნახევარი ნაკლებად საზიანო და უფრო იმედისმომცემი იქნება“.

დევიდ კრამერი: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ფრიდომ ჰაუსის” ყოფილი პრეზიდენტი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტივენ გრინის საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სკოლის ევროპისა და ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი, ვაცლავ ჰაველის ადამიანის უფლებების პროგრამის უფროსი მკვლევარი და „ამერიკული ინტერესის“ ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG