Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა


„საქნახშირის“ ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის მიღწეულია შეთანხმება და გაფიცული მეშახტეები სამუშაო ადგილებს ხვალიდან, 17 ივნისიდან დაუბრუნდებიან.

პროფკავშირის გაერთიანების თანახმად, შეთანხმება რამდენიმე საკითხზე იქნა მიღწეული. მათ შორის, გაუმჯობესდება უსაფრთხოების ნორმები, აგვისტოდან დაიწყება ხელფასების გადახედვა, მეშახტეებს აუნაზღაურდებათ გაფიცვის დროს გაცდენილი დღეები და დაიწყება ტექნიკური გადაიარაღება და მეშახტეების გადამზადება.

მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებში უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და ხელფასიდან დაქვითული საშემოსავლო გადასახადის - თანხის 20%-ის უკან დაბრუნების მოთხოვნებით მეშახტეებმა მუშაობა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეაჩერეს. 10 ივნისს, პროფკავშირის წარმომადგენელმა გაგა ისაკაძემ რადიო თავისუფლებას უამბო, რომ მინდელის შახტის ამწე მექანიზმის გაუმართაობის გამო, ინციდენტი მოხდა და საფრთხე შეუქმნა 22 მეშახტის სიცოცხლეს. ისაკაძის განცხადებითვე, მეშახტეებს ხელფასიდან დაექვითათ საშემოსავლო გადასახადი, მაშინ როცა კორონავირუსის პანდემიის გამო, სახელმწიფომ კომპანია ამ ვალდებულებისგან გაათავისუფლა.

ტყიბულის მინდელის და ძიძიგურის სახელობის შახტებს 12 წლის განმავლობაში ფლობდა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“, რომელმაც 2019 წლის შემოდგომაზე აქტივები გადასცა უკრაინულ-ქართულ ბიზნესჯგუფს.

ტყიბულის შახტები 2018 წლის ივლისში დაიხურა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, რასაც წინ უძღოდა 4 მაღაროელის დაღუპვა. შახტებმა მუშაობა არასრული დატვირთვით 2019 წლის ოქტომბრიდან განაახლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG