Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფსკოვში ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას სასამართლო დაიწყო


სვეტლანა პროკოფიევა
სვეტლანა პროკოფიევა

16 ივნისს რუსეთის ქალაქ ფსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ დაიწყო „ტერორიზმის გამართლებისათვის“ ბრალდებული ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას საქმის არსებითი განხილვა.

სასამართლომ დაკითხა მარეგულირებელი სახელმწიფო კომპანია „როსკომნადზორის“ და „რადიოსიხშირეების ცენტრის“ თანამშრომლები, რომლებმაც წინასწარი გამოძიების დროს თავიანთ დასკვნაში დაწერეს, რომ პროკოფიევას სტატია „რეპრესიები სახელმწიფოსათვის“, - ტერორიზმის ნიშნებს შეიცავდა.

სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ტექსტში ტერორია მიჩნეული „თანამედროვე რუსეთში პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობის ერთადერთ შესაძლებლობად“.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ფრილანსერ ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ რუსეთის პროკურატურამ 2019 წლის თებერვალში აღძრა საქმე ტერორიზმის გამართლების მუხლით, რაც შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„ტერორიზმის გამართლებას“, ბრალდების თანახმად, შეიცავს 2018 წლის ნოემბრის სტატია, რომელიც გამოაქვეყნა რადიო „ეხო მოსკვის“ ფსკოვის ფილიალმა. ამ წერილში პროკოფიევა ლაპარაკობდა ჩრდილოეთის ქალაქ არხანგელსკში უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფისების წინ განხორციელებულ თავდასხმაზე.

რუსეთის მედია მაშინ იუწყებოდა, რომ თავდასხმაში ეჭვმიტანილი 17 წლის მიხაილ ჟლობნიცკი, რომელიც აფეთქებისას დაიღუპა, სოციალური მედიით უშიშროების სამსახურს ადანაშაულებდა სისხლის სამართლის საქმეების გაყალბებაში. თავის წერილში პროკოფიევამ ამ მოზარდის განცხადებები დაუკავშირა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირობებში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატს.

პროკოფიევა წერდა, რომ ქვეყანაში მკაცრადაა შეზღუდული პოლიტიკური აქტივიზმი, რაც ადამიანებს სასოწარკვეთაში აგდებს.

ავტორიტეტულმა გაერთიანებამ, პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IPI), ჟურნალისტ სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ აღძრულ საქმეს უწოდა პოლიტიკურად მოტივირებული.

რადიო თავისუფლება/რადიო თავისუფალი ევროპის პრეზიდენტმა, ჯეიმი ფლაიმ, დაგმო სვეტლანა პროკოფიევას წინააღმდეგ ტერორიზმის გამართლების მუხლით წაყენებული ბრალდება, რასაც დამოუკიდებელი ჟურნალისტის ცინიკური ფორმით გაჩუმების მცდელობა უწოდა. „ჟურნალისტები არანაირად არ იმსახურებენ იმას, რომ მათ ეპყრობოდნენ როგორც დამნაშავეებს იმ სამუშაოსათვის, რომელსაც ისინი ასრულებენ“, - მიიჩნევს რთ/რთე-ს პრეზიდენტი, ჯეიმი ფლაი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG