Accessibility links

NGO-ები: აღმაშფოთებელია რუსეთის გააქტიურება მათ მიმართ ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს


საქართველოს ევროატლანტიკურ კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ეხმაურებიან შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტს. ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას საქმეზე გავრცელებული განცხადების ავტორები გმობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. მათი აზრით, საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.

„ეს ყოველივე ასევე მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ. ასევე, მიმართავენ მთავრობას, აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს.

„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას”, - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. ღია საზოგადოების ფონდი
  3. მედიის განვითარების ფონდი
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  5. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  6. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  7. საზოგადოება და ბანკები
  8. ლიბერალური აკადემია თბილისი
  9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  10. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  11. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  13. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  14. საფარი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სუს-ის 15 ივნისის განცხადების თანახმად, ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG