Accessibility links

ოხანაშვილი გაბუნიას საქმეზე: იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების


პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფარგლებში რუსეთის მოქალაქის დაკავების ფაქტზე.

ოხანაშვილმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების. მისი შეფასებით, გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ.

„ჩემთვის საჯაროდ მედიით რაც არის ცნობილი, იგეგმებოდა ერთ- ერთ ჟურნალისტთან მიმართებაში განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის განხორციელება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მივცეთ გამოძიებას მსვლელობის შესაძლებლობა და ნაადრევად არ გავაკეთოთ ისეთი განცხადებები, რომელმაც შესაძლოა, იმოქმედოს განწყობის შექმნაზე. აქედან გამომდინარე, მთავარია გამოძიება მივიდეს ბოლომდე. რაც მთავარია, შეუიარაღებელი თვალით იკვეთება გარკვეული ტენდენციები რევოლუციური სცენარების და შეუიარაღებელი თვალით იკვეთება ისიც, რომ გარკვეული დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი მიზნებისთვის, როგორც ჩანს, რაღაცას გეგმავდნენ. საუბარია ქვეყნაში მიმდინარე საკითხებზე და ქვეყნის შიგნით არსებულ ჯგუფებზე, გასარკვევია და უნდა დადგინდეს ვის რა კავშირი ჰქონდა, რა იგეგმებოდა რეალურად - რასთან მიმართებაში რა სცენარი. ჩვენთვის ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ სიცოცხლე დაცულია, მოხდა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის აღკვეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან“, - თქვა ოხანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

სუს-ის 15 ივნისის განცხადების თანახმად, ბრალდებული ვ.ბ.-ს დაკავებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, შესაბამისი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აწარმოებდა.

15 ივნისს, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა ტელეარხის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის გეგმაზე.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG