Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა კადიროვი იმუქრება - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ივნისს


საფრთხე გინების წლისთავზე: ერთი ჟურნალისტის თუ საქართველოს პრობლემა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ დრომდე არ დაუდასტურებია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამჟამად დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა.

ჯერ ისევ უამრავი შეკითხვაა პასუხგაუცემელი და უამრავი ეჭვი ჩნდება. საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ხელისუფლებისგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვენ.

როგორც 16 ივნისს „მთავარ არხს“ უკრაინაში მცხოვრებმა ყოფილმა სამხედრომ, ვანო ნადირაძემ უთხრა, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობის გეგმა უკრაინელმა სამართალდამცველებმა გენერალ შაითანოვის დაკავების შემდეგ შეიტყვეს.

გენერალ-მაიორ ვალერი შაითანოვის შესახებ უკრაინულ მედიაში მრავალი ცნობის მოძიებაა შესაძლებელი. ირკვევა, რომ უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურმა 57 წლის კაცი 14 აპრილს დააკავა - რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობისა და ეთნიკურად ჩეჩენი პირის, მოხალისე ადამ ოსმაევის შეკვეთილი მკვლელობის ბრალდებით. რადიო თავისუფლების ინფორმაციით:

  • ადამ ოსმაევი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში დონბასში, უკრაინის არმიის დასახმარებლად;
  • რუსეთის ხელისუფლებამ ოსმაევს 2007 წელს ბრალად დასდო ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის მკვლელობის ორგანიზება, ხოლო 2012 წელს თავად ვლადიმირ პუტინის მკვლელობაშიც დაადანაშაულა;
  • 2017 წელს ადამ ოსმანოვს ორჯერ დაესხნენ თავს და მეორე თავდასხმის დროს დაიღუპა მისი მეუღლე, ამინა ოკუევა;
  • გამოძიების ინფორმაციით, შაითანოვი კავშირში იყო ФСБ-ს პოლკოვნიკთან, იგორ ეგოროვთან;
  • Bellingcat-ის ცნობით, სავარაუდოდ, სწორედ ეგოროვია გარეული მოსკოვის მიერ მოსისხლე მტრად შერაცხული კიდევ ერთი ჩეჩნის, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის შეკვეთილი მკვლელობის საქმეში.

როგორ იგეგმებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინების წლისთავზე? რატომ არავის გაუკვირდა რამზან კადიროვის ხსენება? ამოიწურა თუ არა პრობლემა ერთი კაცის დაჭერით? რატომ არის ეს ყველაფერი სახიფათო საქართველოს სახელმწიფოსთვის - წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

COVID-19: 20 გამოჯანმრთელებული და არცერთი ახალი შემთხვევა

დადასტურებული შემთხვევა - 879

გარდაცვლილი - 14

გამოჯანმრთელებული - 724

კარანტინში - 2710

სტაციონარში - 267

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ერთ დღეში კი 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა. დღეს ქვეყანაში 141 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის არცერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, დამშვიდების საფუძველს არ ქმნის.

ახალი შემთხვევის არქონა არ ნიშნავს სიმშვიდის მოპოვებას. ისევე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ჯერჯერობით, როგორც ვცხოვრობთ. რეგულაციები არსად არ წასულა, ამიტომ თქვენ პირბადეები უნდა გქონდეთ აუცილებლად, როცა შეგროვებული ხართ ათ კაცზე მეტი. როდესაც ჩვენ ველაპარაკებით ქვეყანას, ჩვენ უნდა ვიყოთ მოწესრიგებული. მაშინ მე უნდა გავიკეთო პირბადე. მე ვთვლი, რომ მოსახლეობას გარკვეულწილად ინფორმაციას ვაძლევ და პირბადისგან თავს ვიკავებ, მაგრამ თქვენ ყველას უნდა გეკეთოთ და მოსახლეობასაც“, - უთხრა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.

გუშინ გამოქვეყნდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის კვლევა, რომელიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებში ჩატარდა. საქართველოში ამ დრომდე ინფიცირებული ყოველი მეათე ადამიანი ასიმპტომური იყო. სიმპტომებიდან ყველაზე ხშირად ვლინდება: ცხელება (57,3%), ზოგადი სისუსტე (34,5%), ხველა (24,6%), ყელის ტკივილი (17%) და თავის ტკივილი (14,5%).

ამავე კვლევის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსით სამედიცინო სფეროში დასაქმებული 119 პირი დაავადდა.

წაიკითხე მეტი.

ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერიაში შეხვდებიან

დღეს ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერიაში შეხვდებიან.

თბილისის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის ინფორმაციით, ვარკეთილის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაიწვა დაახლოებით 4000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სასაწყობე ჯიხურები.

„პირველადი დათვალიერებით ჯერ ვერ მოგახსენებთ, თუ რამ გამოიწვია ხანძარი. ადგილზე არიან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც დაადგენენ ხანძრის გამომწვევ მიზეზებს. ხანძარი, სავარაუდოდ, გაჩნდა შუა ნაწილში“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

როგორც რადიო თავისუფლებას ბაზრობის მოვაჭრეებმა უთხრეს, მათ ნაწილს ქონება დაზღვეული არ ჰქონდა. დღეს გაირკვევა, ვინ აუნაზღაურებს მოვაჭრეებს ზარალს. გუშინ ისინი ამბობდნენ, რომ ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა დარჩა მათი ჯიხურებიდან. ტერიტორიაზე შესვლის მოლოდინში ზოგიერთმა ღამე იქ გაათენა.

ნახე თეა თოფურიასა და მზია საგანელიძის ფოტორეპორტაჟი დამწვარი ბაზრობის ტერიტორიიდან.

STOP COVID-ის აპლიკაციით 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა - ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აპლიკაციით, რომელიც მათი დავალებით შეიქმნა, 10 ინფიცირებული პირის იდენტიფიცირება მოხდა. მათგან ბოლო შემთხვევა კი 7 ივნისს დადასტურდა.

„აპლიკაცია მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაციას, დაშიფრული სახით, ორივე მომხმარებლის მობილურ ტელეფონში ინახავს და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირს ვირუსი დაუდასტურდება, მის სარისკო კონტაქტებს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეგზავნებათ. „თქვენ კონტაქტი გქონდათ COVID-19-ის მქონე პირთან, გთხოვთ მოექცეთ თვითიზოლაციაში და სასწრაფოდ დაუკავშირდეთ შესაბამის უწყებას“ - ამ ტიპის შეტყობინებას იღებენ აპლიკაციის მეშვეობით ის პირები, რომლებსაც ინფიცირებულ პირთან კონტაქტი 15 წუთზე დიდხანს და 2 მეტრზე ნაკლები დისტანციის დაცვით ჰქონდათ“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.

უწყების ინფორმაციით, აპლიკაცია 203 684 ადამიანს აქვს გადმოწერილი, აქედან 61% ანდროიდის, ხოლო 39% iOS-ის მომხმარებელია. 16 ივნისს „ინტერპრესნიუსმა“ აპლიკაციის დამზადების ხარჯის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. მედიასაშუალების ინფორმაციით, ამისთვის 412 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

ამავე თემაზე ასევე ნახე:

კადიროვის სამიზნეში

გიორგი გაბუნიას ცნობილმა ტელემონოლოგმა ლამის მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო, მათ შორის მიიპყრო როგორც მონოლოგის ადრესატის, ვლადიმირ პუტინის, ასევე მისი ქვეშევრდომის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის ყურადღებაც. კადიროვმა, რომელსაც არაერთხელ უთქვამს, რომ „პუტინისთვის სიცოცხლეს დათმობს“, ქართველ ჟურნალისტს ურჩია საიმედოდ დაიმალოს, რადგან „მსოფლიოში მილიონობით ადამიანია, რომელიც უდიდეს პატივს სცემს ვლადიმირ პუტინს და, რომ პირველივე შემხვედრს შეუძლია გაუკეთესოს მას ის, რასაც იმსახურებს“.

რამზან კადიროვის ეს მუქარა იმთავითვე სერიოზულად აღიქვა კავკასიოლოგმა ალეკო კვახაძემ, რომლის თქმითაც, აშკარაა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში კადიროვი იქცა პუტინის რეჟიმის მთავარ ე.წ. შემსრულებლად. შესაბამისად, მას არ გაჰკვირვებია, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა 12 ივნისს თბილისში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

„სადაც ოპონენტთან ანგარიშის გასასწორებლად უკანონო მეთოდებია საჭირო, ყოველთვის ერთვება კადიროვი. ჩვენ ყველას გვახსოვს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის ამბავი, ბორის ნემცოვის მკვლელობა... ამ ორივე საქმეში კვალი სწორედ რომ კადიროვთან მიდის, რასაც უამრავი საგამოძიებო თუ ჟურნალისტური მასალა ადასტურებს... რაც შეეხება ზოგადად კადიროვის ე.წ. სამიზნეებს. აქ შეიძლება მოხვდნენ როგორც სტრატეგიული საფრთხის შემცველი პირები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად, ნემცოვი და პოლიტკოვსკაია (პირველი გამორჩეული ოპოზიციონერი ლიდერი იყო, პოლიტკოვსკაიამ კი ამხილა სამხედრო დანაშაული ჩეჩნეთის რესპუბლიკაში), ასევე ის პირებიც, რომლებიც, ჟარგონი რომ ვიხმაროთ, პუტინის ან კადიროვის „პირადულს შეეხნენ“, - ამბობს ალეკო კვახაძე.

რამდენად ყურადსაღებია რამზან კადიროვის მუქარა, რა ემართებათ მის მტრებს და არის თუ არა კადიროვის ქმედებები ასეთ დროს კრემლიდან ორკესტრირებული? წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

2019 წლის 20 ივნისს მაკო პირველად წავიდა საპროტესტო აქციაზე და თვალში მოხვედრილმა რეზინის ტყვიამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. 1 წლის განმავლობაში იყო დაკითხვები პროკურატურაში, ოპერაციები საქართველოსა და გერმანიაში, ბრძოლა დაზარალებულის სტატუსისთვის, აქციები, სარჩელები და მცდელობები, მიჩვეოდა სხვანაირ ცხოვრებას. ამ შეცვლილ ცხოვრებაში მაკო თვალის პროთეზს ეჩვევა, ხშირად და სხვადასხვა კონტექსტში ესმის საკუთარი სახელი და ცდილობს, არ დაკარგოს იმედი, რომ ერთ დღესაც იპოვის მას, ვინც მისი მისამართით ისროლა „გავრილოვის ღამეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG