Accessibility links

კადიროვმა „სისულელე“ უწოდა მისი შეკვეთით ქართველ ჟურნალისტზე თავდასხმის გეგმას


„ქვეყნები, რომლებიც წარსულში წარმატებულად ვითარდებოდნენ, ისეთი ხალხის მიერ იმართება, რომლებიც იმის ნაცვლად, რომ ადამიანების რეალურ პრობლემებზე ფიქრობდნენ, სულელურ განცხადებებს აკეთებენ“, - ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური საქართველოში გამოთქმულ ბრალდებას, რომ მისი დავალებით იგეგმებოდა თავდასხმა ქართველ ჟურნალისტზე.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

არხის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

"ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დავალებით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, როდესაც ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. ხოლო თუ დავალება უხმაუროდ უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ, ამის შესახებ ვერეფერს გაიგებს, მით უფრო ღრმა უძრაობაში მყოფ თქვენ ქვეყანაში,"- წერს თავის „ტელეგრამის“ არხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი.

ამასთან კადიროვი ხაზგასმით იმეორებს, რომ არ დავიწყებია, თუ როგორ შეურაცხყო გიორგი გაბუნიამ არა მხოლოდ ერთი ადამიანი, პრეზიდენტი პუტინი, არამედ მთელი ხალხი, რისთვისაც ჟურნალისტმა მუხლზე დაჩოქილმა უნდა ითხოვოს პატიება.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

„მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღეთ ზომები, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მოქალაქის გამოსწორებას. ვურჩევ მას, გააკეთოს სწორი დასკვნები და წესრიგში მოიყვანოს საკუთარი გონება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, რომ ის ჩემ მტრად დარჩება“, - წერს რამზან კადიროვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG