Accessibility links

COVID-19-ის მძიმე ფორმის სამკურნალოდ გამოყენებულმა იაფფასიანმა მედიკამენტმა ეფექტი აჩვენა


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მიესალმა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კლინიკური გამოცდის პირველად შედეგს, რომლიც აჩვენებს, რომ მედიკამენტი დექსამეტაზონი დადებითად მოქმედებს COVID-19-ით დაავადებულ, მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე.

ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგებით, დექსამეტაზონი სიკვდილის რისკს დაახლოებით მესამედით ამცირებს პაციენტებში, რომლებიც ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან და დაახლოებით მეხუთედით იმ პაციენტებში, რომლებსაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდებათ. მსუბუქი ფორმით დაავადებულებში ამ მედიკამენტს რაიმე უპირატესობა არ უჩვენებია.

ანთების საწინააღმდეგო იაფფასიან დექსამეტაზონს მსოფლიო მედიცინა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იყენებს.

„ეს შესანიშნავი ახალი ამბავია. ვულოცავ დიდი ბრიტანეთის მთავრობას, ოქსფორდის უნივერსიტეტს და კლინიკებს და პაციენტებს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს სიცოცხლის გადარჩენის მეცნიერულ გარღვევაში“, - განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კვლევის საბოლოო შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას COVID-19-ის მკურნალობის პროტოკოლში დექსამეტაზონის შეტანის შესახებ.

ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილე 2100-ზე მეტი პაციენტი დექსამეტაზონს ყოველდღე იღებდა. საკონტროლო კვლევაში ჩართული იყო 4000 ადამიანი, რომლებსაც ამ მედიკამენტს არ აძლევდნენ.

BBC წერს, რომ მკვლევრების შეფასებით, მედიკამენტი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების სამკურნალოდ პანდემიის დასაწყისშივე რომ გამოეყენებინათ, დიდ ბრიტანეთში შესაძლოა, 5 ათასამდე ადამიანი გადარჩენილიყო.

დექსამეტაზონის ეფექტურობა მისი ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ღარიბი ქვეყნებისთვის, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა დიდია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG