Accessibility links

სუს-ი ნიკა გვარამიას დაბარებას დღეს აპირებს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას, გამოკითხვაზე დაბარებას აპირებს. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, გვარამიას რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით გამოკითხავენ, სადაც ის თავისი თანამშრომლის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეზე საუბრობდა. მისი გამოკითხვა დღესვე იგეგმება.

ნიკა გვარამიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ამბობს, რომ არც მას და არც გვარამიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ჯერ არავინ დაკავშირებია.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG