Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თანახმად, ხელისუფლება 20 ივნისს კონტრაქციას არ გეგმავს


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ წლისთავზე კონტრაქციის გამართვას ხელისუფლება არ გეგმავს. კონტრაქციის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას კი „ფეიკნიუსს“ უწოდებს.

„აბსურდია, ჩვენ მიჩვეულები ვართ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ოპოზიცია და მისი ტელევიზიები ავრცელებენ რაღაც „ფეიკნიუსებს“ და შემდეგ თვითონვე აკრიტიკებენ ხოლმე თავისივე შექმნილ „ფეიკნიუსს“, რაც არის აბსურდი. ჩვენ არ ვაპირებთ, 200 ნაციონალს დავუპირისპიროთ რაიმე კონტრაქცია. მათ აქვთ უფლება, შეიკრიბონ, შეიკრიბებიან და ამით დასრულდება ეს ყველაფერი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

კითხვაზე, ვის ინტერესში უნდა შედიოდეს მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, თუ ის მართლაც ყალბია, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ „უბრალოდ გამჯდარი აქვთ სისხლში ტყუილი და კიდევ ერთელ მოიტყუეს კონტრაქციაზე“.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თანახმად, თუ კონტრაციის გასამართად ვინმე მართლაც შეიკრიბება რუსთაველის გამზირზე, ეს იქნება პროვოკაცია „და, ბუნებრივია, ასეთი პროვოკაცია საიდან შეიძლება მოდიოდეს, ამაზე პასუხი არის მარტივი და ნათელი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

20 ივნისს „გავრილოვის ღამის“ წლისთავზე დაგეგმილი აქციის პარალელურად კონტაქციის გამართვის შესახებ ინფორმაცია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, რეგიონებში, კერძოდ, კასპის რაიონში, ხელისუფლება მოქალაქებს გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ თბილისში კონტრაციაზე დასასწრებად აგროვებს.

მოძრაობა „სირცხილია“ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავს. ორგანიზაცია შსს-ს მოუწოდებს, აქციამდე რამდენიმე საათით ადრე 17:00 საათიდან საავტომობილო გზა გადაკეტოს, რათა ჯანმო-ს რეკომენდაციის შესაბამისად საჭირო დისტანციის დასაცავად პირობები უზრუნველყონ.

„გზის გადაკეტვის წინასწარი საჭიროების გამო, ჩვენ უკვე მივმართეთ თბილისის მერიას განცხადებით, გაითვალისწინონ საზოგადოების ინტერესი და ხელი შეუწყონ მოქალაქეების უფლებების - შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციას, ჩვენი ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად“, - ნათქვამია „სირცხვილიას“ მიმართვაში.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG