Accessibility links

ევროპარლამენტარმა გენერალურ პროკურორს რურუას აღკვეთის ღონისძიების შეცვლისთვის წერილით მიმართა


ევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი

ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის წარმომადგენელი, პოლონელი ანჟეი ჰალიცკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუას პატიმრობის საკითხზე მისწერა, თუმცა ის კვლავ პატიმრობაში რჩება:

„8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუტანს სარგებელს. შეთანხმებაში მოხსენიებული ბოლო პოლიტიკური პატიმრის შესახებ გენერალურ პროკურორს მივწერე, მაგრამ ის ჯერ კიდევ პატიმრობაშია - რატომ?“, - წერს ჰალიცკი.

ევროპარლამენტარი "ტვიტერში" საქართველოს გენერალური პროკურორისადმი გაგზავნილი წერილის ასლსაც აქვეყნებს.

აღნიშნულ წერილში იგი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაშია და მის მიმართ მმართველი ძალის მხრიდან მიმდინარეობს დისკრედიტაციის კამპანია ისეთ საკითხებზე, რომლებიც წარდგენილ ბრალთან კავშირში არ არის.

„მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არიან, ხოლო ოპოზიცია საპირისპიროს ამტკიცებს, ყველანი ვთანხმდებით, რომ ამ დაძაბულობის საბოლოო მოგვარება ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში შედის.

ზედმეტია იმის თქმა, რომ რურუას წინასწარი პატიმრობა მთლიანად პროკურატურისა და საქართველოს სასამართლოს დისკრეციაა. მე ასევე გავითვალისწინე ის ფაქტიც, რომ ბევრი დამკვირვებელი გამოხატავდა შეშფოთებას ბატონი რურუას წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან ეს გადაწყვეტილება კონტრასტშია საქართველოს პრაქტიკასთან, რომელიც რურუას მსგავსი ბრალის შემთხვევაში უმეტესად გირაოს ითვალისწინებს“, - წერს ევროპარლამენტარი.

ანჟეი ჰალიცკი გენერალურ პროკურორს მიმართავს, კანონით გათვალისწინებულ ვადებში განიხილოს გიორგი რურუასთვის არასაპატიმრო სასჯელის ღონისძიების შეფარდება, რაც, მისი აზრით, იქნება 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და წინ გადადგმული ნაბიჯი ნაკლებად პოლარიზებული და ცივილური საარჩევნო კამპანიისკენ.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილია. პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შემდეგ, იგი კვლავ პატიმრობაში რჩება.

გიორგი რურუას გათავისუფლებამდე, ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG