Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე არ მივიდა


"მთავარი არხის" დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე არ მივიდა. როგორც მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, გვარამიას სურს, რომ ის სასამართლოში გამოკითხონ.

საძაგლიშვილი ამბობს, რომ მათ სუს-ში გამოკითხვის შესახებ ჩანიშნულ დროზე 20 წუთით ადრე აცნობეს, უწყებაში კი 16 საათზე უნდა გამოცხადებულიყო. მისი თქმით, საგამოძიებო უწყებიდან საქმის დეტალების შესახებ არ უცნობებიათ, თუმცა ვარაუდობს, რომ გაუთქმელობაზე მოაწერინებენ ხელს.

სუს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, გვარამიას რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ბრიფინგთან დაკავშირებით გამოკითხავენ, სადაც ის თავისი თანამშრომლის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის დაგეგმვის საქმეზე საუბრობდა.

15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

გვარამია გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას უკავშირებს. მაშინ გაბუნია "რუსთავი-2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG