Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ორმხრივ ურთიერთობებში რამე დაზიანდა?"- უკრაინის ელჩი ჟურნალისტებს


იგორ დოლგოვი
იგორ დოლგოვი

საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის განმარტებით, საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპი სტრატეგიული პარტნიორობაა და უკრაინელ და ქართველ ხალხებს სურთ, პოლიტიკოსებმა მეტი გააკეთონ ორმხრივი ახლო ურთიერთობების დასამყარებლად. ასე უპასუხა უკრაინის ელჩმა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, ხომ არ დააზიანა ორი ქვეყნის ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილის გარშემო ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა:

„გაქვთ იმის შეგრძნება, რომ ორმხრივ ურთიერთობაში რამე დაზიანდა? ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის არის ის, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპია“, - განაცხადა ელჩმა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერთან, მამუკა მდინარაძესთან პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, უკრაინელები მოუთმენლად ელოდებიან, როდის მიეცემათ საქართველოში ჩამოსვლისა და დასვენების საშუალება. ელჩმა განაცხადა, რომ მამუკა მდინარაძესთან საუბრის თემები შეეხებოდა როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ისე კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს.

თავის მხრივ, შეხვედრის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოს საერთო გამოწვევები, საერთო პრობლემები და საერთო მტერი ჰყავთ რუსეთის სახით. მისი თქმით, უკრაინის ელჩთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხების გარდა ისაუბრეს ასევე საპარლამენტო არჩევნებზე, საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პანდემიაზე. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მამუკა მდინარაძის თქმით, მასზე ბევრი არ ულაპარაკიათ, თუმცა მან აღნიშნა, რომ მეგობარ ქვეყანაში არის ადამიანი, რომელიც დაწერილ და დაუწერელ წესებს არღვევს.

11 ივნისს იგორ დოლგოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის ვიდემომიმართვის შემდეგ განმარტებებისთვის დაიბარეს.

აღნიშნულ მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ აპირებს იყოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოცილების წინა ხაზზე.

მიხეილ სააკაშვილის ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანიმა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს საშინაო საქმეებში, კერძოდ, საარჩევნო პროცესში ჩარევად შეაფასა.

დავით ზალკალიანის შეფასებას მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა, მინისტრი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკრაინაში მას საჯარო მოხელის სტატუსი არ აქვს.

იგივე გაიმეორა 11 ივნისს საგარეო საქმეთა სამინისტროში მისულმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, უკრაინის პოზიციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის ოფიციალური პირი უკრაინაში და არის აღმასრულებელი შტოს ნაწილი. ელჩის თანახმად, იგი არც საქართველოს მოქალაქეა, მაგრამ ქართველია და არასოდეს შეწყვეტს ქართველობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG