Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი კადიროვის განცხადებას არ აფასებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საქმესთან დაკავშირებით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებას არ შეაფასებს. სალომე ზურაბიშვილმა ეს კომენტარი მედიასთან საუბარში გააკეთა, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფნისას. ის იქ დაესწრო მოსამართლის ფიცის დადების ცერემონიას.

ჟურნალისტების კითხვაზე, დაკავებულია რუსეთის მოქალაქე და ხომ არ ფიქრობთ, რომ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სავარაუდო ლიკვიდაცია რუსეთის დაკვეთა იყო, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხია - “მე ვფიქრობ, შეიძლება, რაღაცას, მაგრამ ამის თქმის უფლება არ გამაჩნია“.

მისი სიტყვებით, ის მადლიერია, რომ ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული. ამასთან, დაელოდება გამოძიების დასრულებას.

„სანამ არ გვეცოდინება, გამოძიების დასკვნით, რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია, ამაში ყველა ვთანხმდებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, თუ თავის დროზე პრეზიდენტმა დაგმო რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი, ახლა რატომ იკავებს თავს კადიროვის განცხადების შეფასებისგან, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მაშინ გიორგი გაბუნიას გამონათქვამი მორალურად მიუღებლად მიიჩნია.

„ის. რომ თავის დროზე გაბუნიას განცხადება დავგმე, არ ნიშნავს იმას, რომ რაც დღეს ხდება, იმას ვამართლებ, ეს არის მიუღებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიოვმა „სისულელე“ უწოდა მისი შეკვეთით ქართველ ჟურნალისტზე თავდასხმის გეგმას.

„ამჯერად ამბობენ, რომ დაიჭირეს ქილერი, რომელიც კადიროვის დავალებით ქართველ ვაი ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდა. ბატონებო, დამიჯერეთ, როდესაც ვინმე ჩემი მითითებით მოქმედებს, ის ამას შეასრულებს. ხოლო თუ დავალება უხმაუროდ უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ ამის შესახებ ვერაფერს გაიგებს, მით უფრო, ღრმა უძრაობაში მყოფ თქვენს ქვეყანაში“, - დაწერა თავის „ტელეგრამის“ არხზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა.

15 ივნისს „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხდებოდა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი ლიკვიდაციის კოორდინირება, რაც რუსეთის ტერიტორიიდან, კერძოდ, ჩეჩნეთის რესპუბლიკიდან იმართებოდა. გვარამიას ინფორმაციით, უშუალო მოქმედებები კი საქართველოში მიმდინარეობდა.

მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.

2019 წლის 7 ივლისს გიორგი გაბუნიამ ჯერ კიდევ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსულად აგინა. „ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი“, - ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა საავტორო გადაცემის წამყვანმა და დაამთავრა დედის შეგინებით.

მაშინ ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან „არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG