Accessibility links

ყოფილმა პროკურორმა მოსამართლის ფიცი პროტესტის ფონზე დადო


ვასილ როინიშვილი

საყვირების ხმაურის ფონზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცი დადო ვასილ როინიშვილმა. მან ეს თანამდებობა 10 წლის ვადით დაიკავა.

საყვირებით პროტეტს გამოხატავდნენ პოლიტიკური პარტია „ლელოს“და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები. ისინი ფიცის დადების ცერემონიაზე მისულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც ხმაურით დახვდნენ.

პროტესტის მიზეზი ვასილ როინიშვილის წარსული საქმიანობაა. 2006-2008 წლებში როინიშვილი აჭარის პროკურორი, შემდეგ კი საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო.

როინიშვილის პროკურორობის დროს გამოძიება დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა რამდენიმე რეზონანსულ საქმეზე. მათ შორისაა 2007 წელს ბათუმის უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის დარბევა და 2008 წელს, სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა მოსამართლემ დღეს თქვა, რომ ამ საქმეების გამოძიების დაწყების შემდეგ დიდი დრო გავიდა და მისთვის უცნობია დასრულდა თუ არა გამოძიება. „უნდა შეიქმნას ალბათ, რაღაც სამართლებრივი მექანიზმები, სახელმწიფო აპარატმა უნდა შექმნას გარემო, რომ ასეთი პრობლემები არ იყოს, ან ნაკლები იყოს“, - ასე უპასუხა ვასილ როინიშვილმა გამოუძიებელ საქმეებზე ჟურნალისტების შეკითხვას.

საკონსტიტუციო სასამართლოში ვასილ როინიშვილის ფიცის დადების ცერემონიაზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ახლადარჩეული მოსამართლის წარსულს ვერ შეაფასებს: „მე არ ვარ გამომძიებელი და არ ვიწყებ ქექვას ადამიანების წარსულში. იმ ახალგაზრდებს კი, გარეთ არ ესმით, რომ როცა შეურაცხყოფას აყენებ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს არის შეურაცხყოფა კონსტიტუციის და იგივე პრეზიდენტის და არა ვიღაც ადამიანების“.

ვასილ როინიშვილს სასამართლოში არსებული „კლანის“ წევრად განიხილავენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები და დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფი. მათი შეფასებით, მიმდინარე წლის მაისში, უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ როინიშვილის არჩევა იმას ნიშნავს, რომ „კლანის“ გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოშიც გაიზარდა. თავად სასამართლო სისტემის წარმომადგენლები რაიმე "კლანის" არსებობას უარყოფენ და მსგავს განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG