Accessibility links

ზუგდიდში COVID - 19 დაუდგინდა კაცს რომელსაც რუსეთიდან ჩამოსვლისას უარყოფითი შედეგი ჰქონდა


COVID - 19 დაუდასტურდა ზუგდიდში 70 წლამდე მამაკაცს. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას თქმით, მამაკაცს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის საქართველოში ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან 12 ივნისს შემოვიდა. მას PCR-კვლევა მაშინვე ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხი მიიღეს. მიუხედავად ამისა მამაკაცი მოათავსეს საკარანტინო სივრცეში, თუმცა 14 ივნისს გაათავისუფლეს დროებით, ძმის გარდაცვალების გამო.

ნანა ოდიშარიას მტკიცებით, მას შემდეგ პაციენტი თვითიზოლაციას იცავდა და სამძიმარზეც ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით იმყოფებოდა. „მას გათავისუფლებამდეც ჩაუტარდა PCR-კვლევა და იყო უარყოფითი პასუხი. სწორედ, ამ შედეგის შემდეგ მოხდა მისი გათავისუფლება. შემდეგ მას 16-ში ჩაუტარდა გეგმური კვლევა...ტესტმა აჩვენა სუსტად დადებითი შედეგი, რის შემდეგაც გამოძახებულ იქნა 112 და პაციენტი გადაიყვანეს რუხის კლინიკაში. მას დღეს ჩაუტარეთ PCR-კვლევა და აჩვენა სუსტად დადებითი შედეგი“, - თქვა ნანა ოდიშარიამ. მისი განმარტებით, ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილია პაციენტის ანალიზი, რათა გადამოწმდეს ანტისხეულების არსებობაზე სისხლში.

ნანა ოდიშარიას სიტყვებით, ანალიზის შედეგი, რომელიც ხვალ, 18 ივნისს საღამოს გახდება ცნობილი, დაადგენს, ეს არის ახალი შემთხვევა თუ მამაკაცს უკვე აქვს გადატანილი ეს ვირუსი. მისი თქმით, შეიძლება, COVID - 19 ადრე ჰქონდა პაციენტს და ბოლომდე ჯერ არ არის გამოჯანმრთელებული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, ამჟამად დადგენილია სულ 25 კონტაქტი. აქედან 7 პირი (ახლო კონტაქტი) გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში.

სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​888 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 731, გარდაიცვალა 14 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG