Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სიბინძურე, ანუ რა იწვევს რასიზმს?


ავტორი: გვანცა გოგსაძე

შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი პასუხი მოუძებნო შეკითხვას - „რა იწვევს რასიზმს?“, რადგან ეს უკანასკნელი ძალზედ კომპლექსურ და რთულ მოვლენას წარმოადგენს. გასაღები, მეტად, საკითხის ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური კვლევის შედეგად შეიძლება ვიპოვოთ. და მაინც, საბოლოოდ, ალბათ, ყველა გზა სიძულვილამდე და ამპარტავნებამდე მიგვიყვანს. ძირითადი გამომწვევი მიზეზი, ადამიანების ერთმანეთისგან განსხვავებისა, სხვა რა უნდა იყოს თუ არა საკუთარი თავის სხვაზე მეტად მიჩნევა. გაურკვეველია, საიდან და რატომ ჩნდება კაცში ამგვარი თვითგანმადიდებლური აზრი?.. თუმცა, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ის ყოველთვის არსებობდა, დღესაც არსებობს და სრული უფლება გვაქვს ვიფიქროთ, რომ დროც ვერ განკურნავს ზოგიერთ ჩვენგანში არსებულ ამ სიმახინჯეს.

პარადოქსია, რომ რასიზმი ასოცირდება სახელმწიფოსთან, რომელიც მჩაგვრელი ხელისგან გაქცეულმა ადამიანებმა შექმნეს. მათ, რომელთაც ყველაზე მეტად იცოდნენ/უნდა სცოდნოდათ, თავისუფლების ფასი, დაიმონეს თავისივე მსგავსნი. ამის გამამართლებელი ვერ იქნება მიდგომა „თანასწორი, მაგრამ განცალკევებული“, მაშინაც კი, თუ დიფერენცირებული სუბიექტები მაქსიმალურად მიმსაგვსებულ გარემოში იმყოფებიან (თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ არსობრივად და გნებავთ პრაქტიკულადაც, თავისთავად სუბიექტების გამიჯვნის ფაქტი, მიუთითებს მათ უთანასწორობაზე, ვინაიდან სახეზე ვიღებთ გამოყოფას, რაც იმთავითვე ნიშნავს განსხვავებას. განსხვავება კი საფუძველშივე გამორიცხავს თანასწორობას) და მითუმეტეს იმ შემთხვევაში, როდესაც განცალკევება სწორედ რომ ნიშნავს მათ არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, როგორც ეს გამოიკვეთა ისეთ ისტორიულ საქმეებში, როგორიცაა „ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ“ და „პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ“ (სულ მცირე, უხერხულია თანასწორობაზე საუბარი, როდესაც, მაგალითისთვის, „თეთრი ბავშვები“-ს სკოლები გაცილებით უმჯობესია „შავი ბავშვები“-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე).

სამწუხაროდ, პრობლემა აქ არ სრულდება. ერთია, გაუგებარი, მაგრამ მაინც, მიზეზის გამო, თავს აღმატებულ რასად მიიჩნევდე, თუმცა მეორე უკიდურესობაა სიძულვილი, რომელიც გაუგონრად სასტიკ და მახინჯ სახეს იღებს. რომელ ჯანსაღ გონებაში შეიძლება დაიბადოს ლინჩის წესი და შემდეგ რა ძალამ შეიძლება მიიყვანოს გონიერი არსება მის პრაქტიკულ განხორციელებამდე?!

„Separate But Equal“, „The Great Debaters“, „When They See Us“ - ეს, მართალია, არასრული, თუმცა ნამდვილად საუკეთესო სიაა, ე.წ. „შავი კინო“-სი, სადაც ძალზედ ნათლად არის გადმოცემული ის უდიდესი ბოროტება, რომელიც შიგნიდან ჭამდათ თეთრკანიან ადამიანებს. არ ვიცი რომელ, მაგრამ ფაქტია, რომელიღაც არაადამიანურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებდნენ სხვა ადამიანების - ქალების, კაცებისა თუ ბავშვების ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაგდებით, დამცირებით, წამებითა და ფიზიკური განადგურებით.

ეს რაც შეეხებოდა ძირითად მიზეზს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე, დასმულ შეკითხვას ორიოდე სიტყვით ვერ უპასუხებ. რასობრივ დისკრიმინაციას დიდწილად განაპირობებს ასევე ქცევითი ფსიქოლოგია. მიმბაძველობა, როგორც აღმზრდელობითი, ისე ბრბოს ფსიქოლოგიის გაგებით. მეტი სიზუსტისთვის, როდესაც ბავშვი იზრდება რასისტულ გარემოში, ბუნებრივია, მას უყალიბდება შეგნება, რომ ჩვეულებრივი მოვლენაა ადამიანების განსხვავება კანის ფერის მიხედვით, რომ „შავები“ არასრულფასოვანი ადამიანები არიან, ან სულაც, ისინი ადამიანებად საერთოდ არ უნდა იქნენ აღქმული. ბავშვის ფსიქიკაში აღბეჭდილი დოგმები კი ერთ-ერთი ყველაზე მყარი და რთულად შეცვლადი ფენომენია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ადამიანების ქცევები, ხშირად, გაბატონებულ შეხედულებებზეა დამყარებული. თუკი საყოველთაოდ მიღებულია, რომ შავი ფერის კანის მქონენი ლინჩის წესით უნდა გასამართლდნენ, ვიღაც კონკრეტული პირი ასე რომც არ თვლიდეს, საზოგადოებრივი აზრის გამო (რომელიც, ბალზაკს თუ დავესესხებით „ყოველ მეძავ ქალზე გარყვნილი არსებაა!...“), იძულებულია ფეხი აუწყოს მას. სამწუხაროდ, ყველას არ ყოფნის გამბედაობა თუ მორალური საზომი, ატიკუს ფინჩივით სწორი მხარე აირჩიოს, შედეგად კი ვიღებთ ისეთი უმაღლესი ღირებულების ფეხქვეშ გათელვას, როგორიც ადამიანია.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG