Accessibility links

ამერიკელმა სენატორებმა მოამზადეს რეზოლუცია "პუტინის მზარეულის" წინააღმდეგ


ევგენი პრიგოჟინი

აშშ-ში მომზადდა ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, კონგრესთან ერთად შეიმუშაოს სტრატეგია რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის და სავარაუდოდ, მის მიერ დაფინანსებული „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ ქმედებების წინააღმდეგ.

პროექტის ავტორები არიან სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, რესპუბლიკელი მარკო რუბიო და დემოკრატი კრის კუნსი.

დოკუმენტის თანახმად, პრიგოჟინის წინააღმდეგ უკვე მოქმედებს ამერიკული სანქციები შეერთებული შტატების პრეზიდენტის 2016 წლის არჩევნებში ჩარევის და ყირიმის ანექსიაში მისი როლის გამო, თუმცა, „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“ და პრეზიდენტ პუტინთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები რჩებიან საფრთხედ აშშ-ის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოებისთვის.

რეზოლუციის პროექტით, ასეთი დაჯგუფებები დესტრუქციულ ქმედებებს განაგრძობენ ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, მადაგასკარში, სუდანსა და სხვა ქვეყნებში.

სენატორ კუნსის განცხადებით, როცა რუსეთის მოქალაქე ევგენი პრიგოჟინი, "ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია" და მასთან დაკავშირებული სხვა პირები ერევიან უცხო ქვეყნების არჩევნებში და დაქირავებულ შეიარაღებულ პირებს აგზავნიან საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის, საფრთხე ექმნება საერთაშორისო სტაბილურობას და აშშ-ს ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს. სენატორის თქმით, არ უნდა დაუშვან, რომ პრიგოჟინი და „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანია“ უცხო ქვეყნებში დესტაბილიზაციას იწვევდნენ.

ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის წევრია. მას რუსული მედია ხშირად მოიხსენიებს „პუტინის მზარეულადაც“. აშშ-ში პრიგოჟინს ბრალი აქვს წაყენებული 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. არსებული ინფორმაციით, სწორედ ის აფინანსებდა სანკტ-პეტერბურგის „ტროლების ფაბრიკის“ საქმიანობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG