Accessibility links

გახარია: ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზრუნვის სამინისტრო უწოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

„უბრალოდ რომ ჩამოვთვალოთ - ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა... და საერთოდ, ამ სამინისტროს შეგვიძლია ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, როდესაც გლობალურად, მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ სასტუმრო „შერატონის“ ეზოში სამინისტროს ანგარიშის პრეზენტაციამდე.

გახარიამ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში კი, მინისტრს 24 საათიანი მუშაობისთვის: „მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ იგივე რეჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას შემდგომში, როდესაც ეს დაგვჭირდება“.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ პანდემია გლობალური გამოწვევაა და საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას, თუმცა, ჯერჯერობით არაფერი დასრულებულა.

გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მიმართა, რომ „ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით. ჩვენი მიღწევა და თქვენი მიღწევა არის ის, რომ ვირუსის გავრცელებას ვაკონტროლებთ. ასე უნდა გავაგრძელოთ. უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ეხლა ვართ მართვის ეტაპზე, რაც დიდწილად არის დამოკიდებული თქვენს პროფესიონალიზმზე“.

პრემიერ-მინისტრის განცხადებითვე, სისტემურად სამინისტრო ფარავს ადამიანის ცხოვრების ბევრ უმნიშვნელოვანეს სფეროს და ბოლო თვეებში დაწყებული რეფორმები მნიშვნელოვანია 2012 წლიდან მიღწეული შედეგების მდგრადობისთვის: „ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლეზე, მის სოციალურ მდგომაროებაზე, მის შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG