Accessibility links

გიორგი გახარიას განცხადებით მეორეხარისხოვანია ისროდნენ თუ არა დამიზნებით 20 ივნისს


გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას სიტყვებით, 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში 2-ჯერ იმყოფებოდა დაკითხვაზე, ამასთან, მისი განცხადებით, მეორეხარისხოვანია, ისროდნენ თუ არა სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მისამართით დამიზნებით, მთავარი ისაა, რომ მათ პარლამენტის შტურმი არ დაუშვეს. ამის შესახებ, მან ჟურნალისტების შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში.

„ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ორჯერ ნამდვილად ვარ ნამყოფი დაკითხვაზე“,- განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება უპასუხა - „კარგით“.

გამოძიების ფარგლებში რამდენი სამართალდამცველი იქნება ბრალდებულად ცნობილი, ამ კითხვაზე გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 8 თვეა შინაგან საქმე მინისტრი აღარ არის და „ხო იცით მეხსიერებაში რაღაცები იშლება“. მისი სიტყვებით 20 ივნისთან დაკავშირებით უამრავი კითხვა იარსებებს მათ შორის თუ ვინ გასცა ბრძანება, ისროდნენ თუ არა დამიზნებით, თუ არ ისროდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი მისთვის არის მეორეხარისხოვანი

„აი ასე, ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. რა არის ჩემთვის მთავარი - 20 ივნისს 1 წელი გავა, 2 წელი გავა თუ ბევრი წელი გავა ამის შემდგომ, ეს იყო ქმედება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ ქვეყანასა აარიდა დიდი დესტაბილიზაცია და ეს იყო პარლამენტზე შტურმი, რომელიც მთლიანად სამართალდამცავმა სისტემამ არ დაუშვა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG